იუსტიციის მინისტრი: არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა

„არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი აცხადებს და აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
მინისტრის განმარტებით, დღეს აქციის გამო, ათასობით ადამიანმა ვერ შეძლო დროული მომსახურების მიღება.
„როდესაც საკუთარ აზრს გამოვხატავთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისის იუსტიციის სახლში დღიურად მოდის 10 ათასამდე ადამიანი, ზოგს პასპორტი აქვს ასაღები და რამდენიმე საათში ფრენა აქვს, ზოგს ეჩქარება, სამშობიაროში მეუღლესთან დაბრუნდეს და დაბადების მოწმობა წაიღოს. ბევრი სხვა ტრანზაქცია ტარდება დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს დღეს საპროტესტო აქციამ ხელი შეუშალა. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხვალიდან მომსახურება განახლდება და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ იქნება თბილისის იუსტიციის სახლის შესასვლელი ბლოკირებული. დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ვნებათაღელვა არის უადგილო და არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა. ყველას მინდა მოვუწოდო სიმშვიდისკენ დ სხვა მოქალაქეების პატივისცემისკენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალიდან ეს შესაძლებელი იქნება“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, იუსტიციის სახლთან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ანტიქართულს“ უწოდებენ.
ცნობისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები