“პურის მწარმოებლების მხრიდან განცხადება, რომ გარკვეული რეგულაცია შეიძლება გავლენას ახდენდეს პურის ფასის ზრდაზე, უსაფუძვლოა”

პურის მწარმოებლების მხრიდან განცხადება, რომ გარკვეული რეგულაცია შეიძლება გავლენას ახდენდეს პურის ფასის ზრდაზე, აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან ახალი რეგულაცია ამასთან დაკავშირებით არ მიგვიღია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
დავითაშვილის თქმით, რა გახდა პურის ფასის ზრდის მიზეზი, ამას შესაბამისი უწყებები მოიკვლევენ.
” იყო პურის მწარმოებლების მხრიდან განცხადება, რომ გარკვეული რეგულაცია შეიძლება გავლენას ახდენდეს პურის ფასის ზრდაზე, ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან ახალი რეგულაცია ამასთან დაკავშირებით არ მიგვიღია. რაც შეეხება რეგულაციებს, რომელიც სურსათის ეტიკეტირებას გულისხმობს, თუმცა არ გულისხმობს აუცილებელ პირობად შეფუთვას, ამას რაიმე დამატებითი წნეხი არ გამოუწვევია სახელმწიფოს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მგრძნობიარე საკითხს, როგორიც პურის ფასია, ადეკვატური პასუხი გაეცეს იმ უწყებების მხრიდან, რომელიც ამ პროცესში იქნებიან ჩართული“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მოსაზრება, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში პურის ფასის ზრდა ხელოვნურად შეაჩერა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
„როგორ უნდა შეგვეჩერებინა?! მაშინ ახლაც შევაჩერებდით”, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ კუთხეში შეიძლება იყოს თონე, მაინც კონცენტრირებულია ბაზარი და რამდენიმე მოთამაშე ფარავს ბაზრის დიდ პროცენტს.
“პრემიერის განცხადება ყველამ იხილეთ, მან გასცა ბრძანება და შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ ანალიზს, რამდენად ადეკვატურია ის გაზრდილი ფასები იმ რეალობის, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. წელს მსოფლიოში ხორბლის შედარებით ნაკლები მოსავალია, 2017 წელთან შედარებით გარკვეული კლიმატური პირობების გამო. ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში შემცირებული იყო ხორბლის საექსპორტო შესაძლებლობები და წელს ხორბალი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე 2017 წელს. თუმცა, ფასები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ფქვილზე, რამდენად ადეკვატურია იმ საკმაოდ დიდი ზრდისთვის, ეს ბადებს კითხვებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები