კახა კალაძე გავრცელებულ ფოტოზე: ეს სპეციალურად წვიმის დროს წყლისთვის მიმართულების მისაცემად გაკეთდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, რომელიც ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩიქოვანის ქუჩასთან დაკავშირებით გაავრცელა.
კახა კალაძის განმარტებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოზე ასახული საფეხმავლო მონაკვეთი არის, სპეციალურად წვიმისთვის გათვალისწინებული.
მისივე თქმით, პროექტის მიხედვით, მონაკვეთი გაკეთდა წვიმის დროს წყლისთვის მიმართულების მისაცემად და გზასთან მდებარე ბეტონის კედლის ავტომანქანებისგან დასაცავად.
„ის, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული, გაკეთდა იმისათვის, რომ წვიმის დროს, წყალს მიეცეს სწორი მიმართულება. ამავდროულად, ყველა პროექტზე, სადაც გზის სავალი ნაწილი ახლოსაა ნაგებობების საყრდენ კედელთან, კეთდება ანალოგიური, რათა ავტომანქანა არ დაეჯახოს კედელს და იყოს პატარა დაშორება ბეტონის კედელსა და გზას შორის. საუბარი იმაზე, თითქოს ეს არის საფეხმავლო და ქვეითად მოსიარულეებისთვის განკუთვნილი, არის ძალიან დიდი ტყუილი“, – განაცხადა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში.
კალაძემ მოუწოდა საზოგადოების წარმომადგენლებს, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ მერიის შესაბამის უწყებაში და არ შეუწყონ ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას.
„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ სიცრუეს ავრცელებს, რომ პატივი სცენ დედაქალაქს და მის მოსახლეობას. არ დაუჯეროთ მეგობრებო და ყოველთვის დაელოდეთ სწორ ინფორმაციას, რომელსაც დედაქალაქის მერია თავად მოგაწვდით. ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტოში დაიწყო. პროექტი ითვალისწინებდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, სანიაღვრე სისტემის და ტროტუარების სრულ განახლებას, საყრდენი კედლების მოწყობას, განათების განახლებას,
ასევე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყლისა და წყალარინების ქსელების დაზიანებული მონაკვეთების შეცვლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები