დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა

დეპუტატებმა და ექსპერტებმა დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, კონკურენციის კანონმდებლობაში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და კონკურენციის კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე იმსჯელეს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში კონკურენციის მნიშვნელობაზე, კონკურენციის სააგენტოს ფუნქციების დახვეწის საჭიროებაზე და კანონმდებლობაში ამ მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.
„კონკურენციის თემა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეკონომიკა საქართველოში ეფუძნება თავისუფალ ბაზარს. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ბევრი მიმართულებით არის დასახვეწი კანონმდებლობა. კერძოდ დასახვეწია თავად კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი, პროცედურული ნორმები და სხვა. თუნდაც ის, რომ არსებობს სახელმწიფო, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ისეთი სუბიექტებიც, რომელსაც არ მოიცავს კანონმდებლობა. ასევე არასრულყოფილია ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში კონკურენციის განხორციელება, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და მათზე რეაგირების საკითხები. ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობა შეიცავს ხარვეზებს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს აღნიშნულ საკითხებზე, იმსჯელეს როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ მთავრობასთან ერთად მოხდეს კანონმდებლობის სრულყოფა.
შეხვედრაში, რომელიც გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით (GIZ), მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი – ვინსენტ რეი. ექსპერტები და სპეციალისტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები