ვეტერანები კობა ახვლედიანის მიმართ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურებიან

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, ეროვნული გვარდიის სარდლის ახლადდანიშნული მოადგილის, პოლკოვნიკ კობა ახვლედიანის მიმართ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული კამპანია ცილისმწამებლურია და ეს ღვაწლმოსილი მეომრის ღირსების შესალახად გამიზნული ქმედებაა.
„ბოლო დროს, მასმედიით თუ სოციალური ქსელების საშუალებით, კობა ახვლედიანის გარშემო ატეხილმა ხმაურმა, უნებლიედ, ”დათა თუთაშხიადან” გაგვახსენა, ბექა ჯეირანაშვილი რომ ამბობს: “ცუდი ხმები დაგვიყარეს, ზოგიერთი ისეთი იყო, თავად შემეშინდაო” … ” ბევრი ვეძახე, შალიბაშვილის ცინგლიანი ცოლისთვის დათა თუთაშხიას სამეგრელოდან ქართლში რა ბუზანკალი გადმოაფრენდა მეთქი, მაგრამ რა… ხალხს ჭორი ურჩევნია სიმართლესო!”
არა გვგონია, რომ უბრალოდ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის ახლადდანიშნულ მოადგილესთან- კობა ახვლედიანთან, არათუ დაიჯეროს ის სიბინძურე, რაც მასზე ვრცელდება, არამედ ერთი წამითაც კი ეჭვი შეიტანოს მის ვაჟკაცობაში, რაინდულ საქციელში, ნაღდ, მეომრულ სულში, რომელიც გამორიცხავს სუსტის დაჩაგვრას, გაჭირვებაში მყოფი თანამოძმისთვის ზურგის შექცევას. ის გამორჩული იყო და არის თავისი თავაზიანობით, თავმდაბლობით, სამართლიანობის მომატებული გრძნობით!
საქართველოში თანამდებობის მაძიებლებს რა გამოლევს! არც ის გვიკვირს, რომ ვიღაცას გვარდიის სარდლის მოადგილის თუ სარდლის თანამდებობები ჩავარდნოდა გულში, მაგრამ არა გვგონია, იმაზე ეფიქრათ, ასეთი მეთოდებით მოპოვებულმა სავარძელმა, რა სიკეთე უნდა მოუტანოს ან მათ, ან მათ ოჯახებს.
სირცხვილისთვის უკითხავთ, არ გრცხვენია, ასე თავაწეული რომ დაიარებიო?! _ მე უკვე ხალხი შემეჩვია და სირცხვილი არა მქვიაო!
მოგვიტევეთ, მაგრამ ჩვენ არც ადრე შეგვეძლო და არც აწი ვაპირებთ, შევურიგდეთ ცილისწამებას, დასმენას, თანამებრძოლებისთვის მიზანმიმართულად სახელის გატეხვას.
შეგვიძლია, შეგპირდეთ! ბოლომდე დავიხარჯებით იმისთვის, რომ სიმართლეს ფარდა აეხადოს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთ საქართველოში გვინდა, ვიცხოვროთ, ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ მომავალში“,- ნათქვამია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: დ.გულუა; ბ. თოხაძე; ა. ვაშაკიძე; ჯ.უბირია; ზ. შამუგია; თ. ალანია; მ.კაკავა; მ.გაბუნია; ი.გაგუა; ნ.გაგუა; თ. ინალიშვილი; დ. ღვინჯილია; ვ.ჯიქია და ვ.კაკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები