აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მედიის წარმომადგენლებთან განიხილეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა. მედიასემინარის ფარგლებში, სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა 2018 წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების და შედეგების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა. მისი თქმით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები მომავალ წელსაც სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად განხორციელდება. მავნებელთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, გაგრძელდება ფართომასშტაბიანი მონიტორინგი, შეწამვლითი ღონისძიებები, საინფორმაციო კამპანია და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
„ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია მედიის როლი და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს მავნებლის საწინააღმდეგოდ თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში 790-ათასამდე ჰა დამუშავდა. მავნებელთან ბრძოლის სამუშაოები 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში ჩატარდა. მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 8000-მდე ფერომონი (მავნებლის მისაზიდი საშუალება) განთავსდა. ტყის პერიმეტრებსა და სოფლების ტერიტორიებზე 100-ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური დამონტაჟდა.
განხორციელდა აქტიური საინფორმაციო კამპანია, რაც მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, დასავლეთ საქართველოში მავნებლის პოპულაცია შემცირდა. მისი გავრცელების არეალი ძველ საზღვრებში შენარჩუნდა, შესაბამისად, აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანას გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები