ვინ მოხვდება ვალების განულების პროგრამაში და როგორ გათავისუფლდებიან ისინი „კრედიტინფოს“ შავი სიიდან

სასესხო ვალდებულებების განულების პროგრამა 15 დეკემბერს ამოქმედდება და წლის ბოლომდე ვალები სრულად ჩამოეწერებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ვინ მოხვდება ამ სიაში და როგორ მოხდება განულების პროცესი, ტექნიკურად საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, პროგრამაში ჩაერთო ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინკომპანიების დიდი  ნაწილი, რომელთაც დაახლოებით 600 000 მოქალაქე უნდა გაათავისუფლონ „კრედიტინფოს“ ე.წ. შავი სიიდან, სადაც ისინი წლების წინ მოხვდნენ.

როგორც ეკონომისტები და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ძნელია, ამ პროგრამას უარყოფითი ეკონომიკური მხარე მოუძებნო, მისი განხორციელებით მოგებული რჩება პროცესში ჩართული ყველა მხარე – მოვალე, რომელსაც სესხი უნულდება, რასაც წლებია ვერ დააღწია თავი,  კომერციული სტრუქტურები, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ონლაინსესხების გამცემი კომპანიები, რომელთაც პრობლემური სესხების ამოღება უწევთ, და სახელმწიფო, რომელიც დავალიანების მქონე ფიზიკური პირების ვალების დასაფარად ბიუჯეტიდან თანხებს არ იღებს. უფრო კონკრეტულად იმის შესახებ, ვინ ხეირობს პროგრამით, რომელიც ბოლო ერთი თვეა, ძალიან აქტუალური თემა გახდა, გაზეთი „პრაიმტაიმი“ ეკონომიკურ ანალიტიკოსს მერაბ ჯანიაშვილს ესაუბრა:

– სესხების განულების პროგრამას თუ პოლიტიკურ კონტექსტს მოვაცილებთ, კრიტიკოსები არ ჰყავს. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს პროგრამა მომგებიანია ბევრი თვალსაზრისით. ხმები, რომ მან შეიძლება ლარის კურსის ვარდნა, ინფლაცია და მსგავსი რამ გამოიწვიოს, პოლიტიკურ კონტექსტებს უფრო შეიცავს, ვიდრე ეკონომიკურს. ამ პროგრამის განხორციელების გამო ხომ არ ხდება ახალი ეროვნული ვალუტის დაბეჭდვა და ბაზარზე გამოტანა. ის, რომ ერთი კომერციული სტრუქტურა მეორე კომერციული სტრუქტურისგან ყიდულობს ან პრობლემატურ სესხს, ან თუნდაც ჯანსაღ სესხებს, საბანკო საქმიანობაში ჩვეულებრივი პროცესია. „ტიბისი“ ბანკმა არცთუ დიდი ხნის წინ „პროკრედიტ ბანკისგან“ იყიდა მიკროსესხების საკრედიტო პორტფელი, ასევე გაიყიდა „პროგრესბანკის“ საკრედიტო პორტფელიც, რაც ნორმალური მოვლენაა. ამ შემთხვევაში, რაც შეეხება სესხების განულების პროგრამას, ერთი კომერციული ობიექტი, „ქართუ“ ყიდულობს პრობლემატურ სესხებს და აუქმებს მათ. ეს არის ქველმოქმედება, რაც ერთი მხრივ განსხვავებული ფორმატია ჩვენთვის, თუმცა მისი ანალოგები სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ცოტა ხნის წინ ხორვატიაში 60 ათას ადამიანის სესხის სუბსიდირება მოხდა ბიუჯეტიდან, ინდოელმა ქველმოქმედმა 2500 ფერმერს გადაუხადა საბანკო დავალიანებები. ის, რაც ხდება ჩვენთან, 600 000 ადამიანის განთავისუფლება სასესხო ვალდებულებებისგან, რომელსაც ვეღარ იხდიან, როცა საერთო დავალიანება 1,5 მილიარდ ლარს შეადგენს, ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა. ფონდ „ქართუს“ ეს პროექტი, სავარაუდოდ, 300-დან 600 მილიონამდე დაუჯდება.

– რა პრინციპით შეისყიდის „ქართუ“ კომერციული სტრუქტურებისგან სესხებს?

– როგორც წესი, პრობლემატური სესხები არ იყიდება ისეთ ფასში, რაც არის მათი ღირებულება. პრობლემატური სესხების ფასი ღირებულების 5-10%-ია. რა პრინციპით ხდება მოლაპარაკება კომერციულ სტრუქტურებსა და „ქართუს“ შორის, ეს მათი შიდა მოლაპარაკების დეტალებია, რაც ჯერ არ არის ცნობილი. შესაძლოა, „ქართუმ“ სხვადასხვა ბანკებისგან სხვადასხვა პირობებით შეიძინოს პრობლემური სესხები. მაგალითად, საქართველოს ბანკს გადაუხადოს 30 მილიონი, „ტიბისი ბანკს“ – 20 მილიონი, ეს მოლაპარაკების  საკითხია. ფაქტია, რომ კომერციული სტრუქტურები თავის თანხებს მიიღებენ. თუ ადამიანს რომელიმე ბანკის ვალი აქვს, პირობითად, 1500 ლარი, რომელსაც ჯარიმებისა და საურავების სახით კიდევ აქვს დარიცხული 1500 ლარი, მსესხებელს ვალი გაუნულდება, მაგრამ „ქართუ“ ამ სესხს ძირიან-ჯარიმიანად უფრო დაბალ ფასში გამოისყიდის. კომერციული სტრუქტურებისთვის ეს პროექტი ძალიან მომგებიანია, პრობლემურ სესხებს ბანკები თავადაც ყიდიან ამომღებ კომპანიებზე და ყიდიან საკმაოდ დაბალ ფასში, ზუსტად იმ პრინციპით, რა პრინციპითაც ფონდი „ქართუ“ ყიდულობს ახლა მათ სესხებს. ბანკისთვის პრობლემური სესხი არის თავსატეხი. როდესაც ბანკს აქვს ბალანსზე პრობლემური სესხები, რომლებიც უნდა გაყიდოს იაფად, ან თვითონ თავისი რესურსით უნდა იწვალოს მის ამოღებაზე, ეს ზრდის მთლიან დაკრედიტების რისკს. თუ ბანკს აქვს 500 მილიონი ლარის საკრედიტო პორტფელი და მისი დაახლოებით 10% პრობლემური სესხია, ბანკი უფრო ძვირად და ფრთხილად გასცემს ახალ სესხს, ეს „რისკი“ კარგ გადამხდელებს გვიჯდება ძვირი, ამას ჩვენ  ვიხდით. შესაბამისად, როდესაც ბანკებს ერთბაშად მოსცილდებათ პრობლემური სესხები და ამით სარგებელს მიიღებენ, ეს მათთვის ძალიან კარგია. ბანკებს არნახულად გაუჯანსაღდებათ საკრედიტო პორტფელები, შეუმცირდებათ რისკი, რამაც შესაძლოა, სესხებზე პროცენტების შემცირებაც მოახდინოს.

– როგორც ჩანს, ამ პროექტით ყველა მხარე მოგებული რჩება, მსესხებელს ვალი უნულდება, კომერციული სტრუქტურა კი პრობლემურ სესხებს იცილებს თავიდან, ეს სარგებელი არ ჰქონდათ დათვლილი იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიდან უარს აცხადებდნენ ამ პროექტში ჩართვაზე?   

– დღეს, როგორც ვიცი, პროექტში ჩართულია ყველა ბანკი, ასევე, წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმეტესობა და ონლაინსესხების თითქმის ნახევარი. თავიდან იყო გაუგებარი დამოკიდებულება, რაც, ალბათ, უფრო პოლიტიკური ქვეტექსტით იყო გაკეთებული. მაგალითად, არ მესმის, რატომ გამოხატა „ვივუსმა“ ის პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ ისინი პროექტში არ ჩაერთვებოდნენ. ჩემი აზრით, ეს პოზიცია არ იყო სწორი. ფაქტია, „ვივუსი“ მიხვდა და ახლა აქეთ ეხვეწება მთავრობას, ჩაგვრთეთ ამ პროექტშიო, უკვე ყველაფერზე თანახმანი არიან. მე მახსოვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელის კომენტარი, ჩვენ არ გვინდა კაპიკებში დავკარგოთ ეს რესურსებიო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, „ქართუ“ იმდენად კარგ ფულს უხდის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ერთ კვირაში სხვა განაცხადი გაკეთდა – იმდენად კარგ პირობებსა და დამატებით შეღავათებს გვპირდებიან, მზად ვართ, პროექტის მიღმა სოციალურად დაუცველ ადამიანებს ჩვენ თვითონ გავუნულოთ სესხებიო. მოკლედ, ახლა ყველა ბედნიერია. უფრო და უფრო მეტი კომერციული სტრუქტურა ემატება პროექტს, მათ შორის ამომღები კომპანიებიც არიან, რომელთაც ყველაზე ნაკლები ხეირი აქვთ ამ პროექტიდან. ამომღები კომპანიები ასე თუ ისე უფუნქციოდ, უმუშევრად რჩებიან ვალების განულების შემდეგ. როგორც ჩანს, „ქართუ“ იმდენად ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს ამ კომპანიებს, რომ ისინი ერთმანეთის მიყოლებით ერთვებიან ამ პროცესში. ძნელია, ამ პროექტს ეკონომიკური კუთხით უარყოფითი  მხარე მოვუძებნოთ, რეალურად  ყველა მოგებულია – მოვალე, რომელსაც ვალი უნულდება, კომერციული ინსტიტუტი, რომელიც ერთბაშად იცილებს პრობლემურ სესხებს და სახელმწიფოც, რადგან ბიუჯეტიდან კაპიკს არ იხდის ამ ხალხის ვალდებულების დაფარვაზე, ამას აკეთებს კერძო ფონდი. „ქართუ“  რამდენად არის კმაყოფილი, არ ვიცით, ეს მათ უნდა ვკითხოთ.

 ამ პროექტით ყველაზე მეტად მაინც კომერციულმა სტრუქტურებმა იხეირეს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ბანკს“ ჰქონდა 200 მილიონის პრობლემური სესხი. ეს თანხები ან თვითონ ბანკს უნდა ამოეღო, ბანკის წარმომადგენლებს ერეკათ მოვალეებისთვის, დაშინებით, სასამართლოს გზით მოეხდინათ ამ თანხების ამოღება, რაც კიდევ დამატებით ხარჯებთან არის ხოლმე დაკავშირებული, ან უნდა მიეყიდა ეს პორტფელი ამომღები კომპანიისთვის პირობითად 20 მილიონად. ამომღებ კომპანიებს არ აქვთ ისეთი რესურსი, რომ ამხელა საკრედიტო პორტფელები იყიდონ, შესაბამისად, საქართველოს ბანკს მოუწევდა ამ ორასმილიონიანი პრობლემური სესხების გაყიდვა, ალბათ, მომავალი 10 წლის განმავლობაში, ახლა  ამ პროექტით ბანკი ერთბაშად იცილებს პრობლემურ სესხებს, რაც მათთვის კარგი სარგებელია.

– რა კრიტერიუმებით მოხვდებიან ადამიანები ამ პროგრამაში?

– ეს პროგრამა ეხება იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის „კრედიტინფოს“ შავ სიაში. ვალების განულების პროგრამა ვრცელდება სამი სხვადასხვა ჯგუფის ვალდებულებებზე. ეს არის ფიზიკური პირების მიერ აღებული სესხები, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე ფიქსირდებოდა როგორც ვადაგადაცილებული სესხი, რომელიც არ იყო აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით და რომლის ძირითადი თანხა არ აღემატებოდა 2000 ლარს. ზოგადად, განულება ეხება ყველა საკრედიტო პროდუქტს, არაუზრუნველყოფილ სესხს, საკრედიტო ბარათს, ოვერდრაფტს, განვადებას, რომლის ძირი არ აღემატება 2000 ლარს. მეორე ჯგუფს შეადგენს ხანდაზმული ვალდებულებები, ეს არის ვალდებულებები, რომელზეც ბოლო სამი წელი არ მომხდარა თანხის გადახდა. მესამე ჯგუფს, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველის სტატუსისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ეს პროგრამა არსებითად შეცვლის ე.წ. შავ სიას, რომელშიც დღეს 750 ათასი ადამიანია. კომერციული სტრუქტურები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, ფიზიკური პირი ვადაგადაცილებიდან 30 დღეში მოხვდეს შავ სიაში თუ 60 დღეში. ზოგ შემთხვევაში, პირი შავ სიაში შეიძლება მოხვდეს ვადაგადაცილებიდან ორ კვირაში, თუ მასთან მოლაპარაკების პროცესში გაირკვა, რომ ის თანხას ვერ გადაიხდის. „კრედიტინფო“ არის კომერციული სტრუქტურა, რომელიც დაფუძნებულია რამდენიმე ბანკის მიერ, შესაბამისად, ამ ბანკებს აქვთ თავისი კრიტერიუმები და თავად საზღვრავენ, როგორ და როდის მოხვდნენ ადამიანები ამ სიაში და ვის მისცემენ ნეგატიურ სტატუსს. როგორც ცნობილი გახდა, 1-ლი იანვრიდან „კრედიტინფო“ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ გადადის, რაც თავისთავად ძალიან კარგია. თუ აქამდე ჩვენს საკრედიტო რეიტინგს განსაზღვრავდა კერძო ტიპი, რომელიც ფინანსდება კომერციული ბანკებისგან, ახლა ეს უკვე ეროვნული ბანკის რეგულაციებში მოექცევა. ზოგ შემთხვევაში, „კრედიტინფო“ დაინტერესებულიც კი არის, რომ ადამიანს ჰქონდეს უარყოფითი რეიტინგი, რადგან, როცა ცუდი რეიტინგი გაქვს, სესხს იღებ მაღალ პროცენტში, ბანკი იღებს უფრო მაღალ შემოსავალს, ეს ერთგვარად ინტერესთა კონფლიქტიც არი, და ძალიან კარგია, რომ „კრედიტინფოც“  და ე.წ. „შავი სიაც“ გადავა ცენტრალური ბანკის ზედამხედველობაში.

– ადამიანები, ვისაც შეეხებათ ვალების განულების პროგრამა, ე.წ. შავი სიიდან ავტომატურად განთავისუფლდებიან? 

– ისინი არა მხოლოდ განთავისუფლდებიან „შავი სიიდან“, შეძლებენ საბანკო პროდუქტებით სარგებლობას. ამ პროგრამის მიღმა, თუ ხარ შავ სიაში და გაქვს სამი გადაუხდელი სესხი, ეს სესხები რომც დაფარო, შავი სიიდან ვერ ამოდიხარ, სანამ არ გაივლი გარკვეულ პროცედურებს, რომელიც მინიმუმ ერთი წელი გრძელდება. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ ამ ადამიანებზე „კრედიტინფოში“ არ დარჩება ჩანაწერი, მთლიანად გასუფთავდება მათი საკრედიტო ისტორია. ერთია ის, რომ ადამიანებს ჩამოეწერებათ არსებული დავალიანებები, და მეორე, რომ ისინი შეძლებენ, სრულფასოვანი ურთიერთობა ჰქონდეთ საბანკო სექტორთან, აიღონ სესხი, გახსნან ანგარიში, რასაც აქამდე ვერ ახერხებდნენ. ადამიანების უმეტესობა, ვინც იყო შავ სიაში, ვერ ახერხებდა იმავე ბანკში რაიმე სახის ოპერაციის ჩატარებას, რადგან ავტომატურად ეჭრებოდა თანხის ნაწილი. შესაბამისად, დავალიანების მქონე 600000 ადამიანი გადასული იყო ჩრდილოვან ეკონომიკაში, ისინი სხვადასხვა  გზებითა  და ხრიკებით ცდილობდნენ თანხების მოძიებას, რის გამოც კიდევ უფრო გაიზარდა კერძო მევახშეობის შემთხვევები.

– შეეხება თუ არა ვალების განულების პროგრამა სასამართლოში ან უკვე აღსრულებაში წასულ საქმეებს?

– ეს აქტი შეეხება ყველა საქმეს, იმის მიუხედავად, რა ეტაპზეა. თუ განხილვა მიდის სასამართლოში, ბანკი მოახდენს სარჩელის დაკორექტირებას, წყდება სასამართლო განხილვა და მოვალეს სესხი ჩამოეწერება, თუ სასამართლო განხილვა უკვე დასრულებულია და უკვე დაწყებულია აღსრულების პროცესი, დაყადაღებულია კონკრეტული ქონება ან ბინა, აღსრულება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სესხი ჩამოიწეროს. ადამიანები, ვინც ამ საფრთხის წინაშე დგანან, უნდა შეეცადონ, რომ ორი კვირის განმავლობაში გადაწიონ პროცესი, რათა პროგრამა სრულყოფილად შეეხოთ. 15 დეკემბერს ამოქმედდება ვებგვერდი, რომელზეც ადამიანები პირადი მონაცემებით ნახავენ, მოხვდნენ თუ არა ამ პროგრამაში და რა რაოდენობით თანხა ჩამოეწერებათ. მათ შემდგომ შეეძლებათ მივიდნენ „კრედიტინფოში“ და აიღონ ცნობა, რომ აღარ არიან ავადსახსენებელ „შავ სიაში“.

– როგორც ცნობილი გახდა,  სესხების განულების პროგრამით განსაკუთრებული პირობები იქნება მოვალეთა მესამე ჯგუფისთვის, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირები შეადგენენ. 

– იქიდან გამომდინარე, რომ 600 000 ადამიანში 150 000 არის სოციალურად დაუცველი და, ასევე, საკმაოდ ბევრია შეზღუდული შესაძლებლობის პირი, რომელთა ზუსტი რაოდენობაც ახლა დგინდება, ფაქტია, რომ ამ მიმართულებით პრობლემა ძალიან აქტუალურია. ადამიანები, რომლებიც ამ კატეგორიაში ყვებიან, მთლიანად განთავისუფლდებიან სესხებისგან. ჩემი ინფორმაციით, მათზე არ მოქმედებს ზედა ზღვარი, რომელიც 2000 ლარს უტოლდება, საუბარია ყველა სესხზე, რა რაოდენობასაც არ უნდა მოიცავდეს ის. განულების პროგრამა არ მოიცავს იპოთეკურ სესხებს, თუმცა სოციალურად დაუცველთა და შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის დაშვებულია გამონაკლისი, მათთან დაკავშირებით განულება ეხება აბსოლუტურად ყველა სესხს, მათ შორის იპოთეკურ სესხებსაც. თუ შეზღუდული შესაძლებლობის პირი ვერ იხდის 10000-დოლარიან სესხს, რომელიც უზრუნველყოფილია ბინით და ეს ადამიანი შავ სიაში მოხვედრილია 2018 წლის ნოემბრამდე, მის სესხს შეისყიდის ფონდი „ქართუ“  და მოხდება მისი ჩამოწერა. სოციალურად დაუცველთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემთხვევაში განულების პროგრამა შესაძლოა, შეეხოს 2018 წლის განმავლობაში გაცემულ სესხებსაც, თუ ვერ მოხდა მათი გადახდა მსესხებლის მიერ.

– რატომ არის ასე მაღალი სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა რიცხვი ე.წ. შავ სიაში, რატომ გასცემენ ფინანსური კომპანიები სესხებს ადამიანებზე, ვინც სარგებლობს სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხებით. 

– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, იმ ადამიანების პოზიციას მინდა გამოვეხმაურო, ვინც თვლიდა, რომ იმის გამო, რომ თავად პატიოსნად, გაჭირვებით, მაგრამ მაინც იხდიდნენ სესხებს, აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში იმ მსესხებლებთან, ვისაც ახლა ვალები ჩამოეწერებათ. რთულია, გაიზიარო ამ ადამიანების მოსაზრება. პარალელები რომ გავავლოთ, დაახლოებით ასეთ სურათს მივიღებთ –  სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს ყოველთვიურად ეხმარება ძალიან მცირედი თანხით, რომელიმე ჩვენგანი, ის, ვინც გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვიხდით კრედიტებს და ახლა გვაქვს პრეტენზია, ინატრებს ამ ადამიანების ადგილზე ყოფნას? ვალების განულება რომ ხდებოდეს ბიუჯეტის თანხით, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ქველმოქმედების სახით გაწეულ პროექტზე, რატომ უნდა ვიფიქროთ, იმ ადამიანების რიცხვში ყოფნა, ვინც ამ ვალდებულებებს გაჭირვების გამო ვერ იხდის? იმის გამო, რომ შენ არ გჭირდება დახმარება, უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო არ უნდა დაეხმაროს ადამიანებს, რომელთაც სოციალურ დახმარებას უწევს? არსებობს ფონდი, რომელიც უსახლკაროებს ბინით უზრუნველყოფს და ვისაც ბინა აქვს, მან უსამართლოდ უნდა იგრძნოს თავი, რომ მისთვის ბინას არ ყიდულობენ? იმ 600 000 ადამიანში, ვისაც ვალი ჩამოეწერება, ძალიან მცირე იქნება მათი რიცხვი, ვინც ვალდებულებები არაგონივრულად აიღო, ან მობილური ტელეფონი იყიდა ან კაზინოში ითამაშა, ან სამოგზაუროდ წავიდა, უმრავლესობა ხომ გაჭირვებულია, რომელმაც 1500 ლარი აიღო სესხად და ვეღარ იხდის, რადგან  ფინანსური პრობლემები აქვს. ის, რომ 600 000 ადამიანის 1/4 სოციალურად დაუცველია, ეს ნიშნავს, რომ პროგრამა ძირითადად გაჭირვებულ ადამიანებს ეხება. მეორე და მნიშვნელოვანი თემაა, რომ კომერციული სტრუქტურები სესხებს აძლევდნენ სოციალურად დაუცველებს, რაც ახალი რეგულაციებით აიკრძალება. ეს აქამდე დიდი პრობლემა იყო. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფოს დახმარებით და მას აძლევ სესხს, ის განწირულია, რომ სესხს ვერ გადაიხდის. გამოდის, რომ მიზანი იყო, როგორმე ამ ადამიანებისთვის ან ქონება წაერთმიათ, ან როგორმე გადაეხდევინებინათ ფული.

– ძალიან მძიმეა პენსიონერების თემაც, რომლებიც საკმაოდ მაღალ პროცენტში იღებენ საპენსიო სესხს.

– ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რომელიც იმედი მაქვს, რომ დარეგულირდება. საპენსიო სესხების პროცენტმა ახლა დაიწია 37%-მდე, აქამდე ეს პროცენტი ბევრად მაღალი იყო – 77%-ს აღწევდა. როდესაც ერთ ბანკს აქვს მონოპოლია, როგორც პენსიების, ასევე, საპენსიო სესხების გაცემაზე და გარანტირებულად იცი, რომ  შენს ხელშია ფულის ამოღება, იოლი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში არიან პენსიონერები, რომლებსაც უწევთ ხელის მოწერა კაბალურ ხელშეკრულებებზე, ადამიანებს, რომელთა შემოსავალი 180 ლარია, ასეთი პროცენტით სესხს არ უნდა აძლევდნენ, რაც იმედი მაქვს, რომ გარკვეულ რეგულაციაში აუცილებლად მოხვდება.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები