უჩა სეთური: კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება გარდამტეხია, რომელზეც უნდა დაშენდეს ინტერნეტ ბაზრის განვითარება 

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მიღებულ ახალ რეგულაციებს, გარდამტეხ ცვლილებად აფასებს. უჩა სეთური ამბობს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც ლიბერალური ქართული ინტერნეტ ბაზარი უნდა დაშენდეს და განვითარდეს. მისი განცხადებით, ინტერნეტ ბაზარზე ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი რეგულაცია აქამდე არ განხორციელებულა.
ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ახალი რეგულაციები მომხმარებლებზე 3-6 თვეში უკვე აისახება.
„უნდა ითქვას, რომ ეს არის გარდამტეხი რეგულაცია, რომელზეც უნდა დაშენდეს ლიბერალური ქართული ინტერნეტ ბაზარი. ამის თქმის არ  მეშინია, რადგან ეს არის სწორედ ის ბარიერი, რომელიც არსებობდა აქამდე და ქმნიდა პრობლემებს. მცირე ოპერატორები გამოკეტილები იყვნენ რეგიონებში. სწორედ კანალიზაციასთან დაშვების, კაბელის ქირაობის და არხების დაშვების უფლება მიუღწევადი იყო მათთვის უარის, ან მაღალი ფასის გამო. ეს ბარიერები მოიხსნება. ეს არის ბაზისი, რომელზეც უნდა დაშენდეს შემდეგი პროცესები და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდ წილად ეს პრობლემები მოგვარდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 15 იანვრიდან, როცა ეს რეგულაცია ამოქმედდება, დაახლოებით 3-6 თვეში მომხმარებელი იგრძნობს ამას, როგორც მომსახურების ხარისხზე ასევე ფასებზე. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარდამტეხი რეგულაცია“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას უჩა სეთურმა.
ის მოუწოდებს კომპანიებს გამოიყენონ კომისიის მიერ მიღებული რეგულაცია და ნებისმიერი წინააღმდეგობის შესახებ აცნობონ კომისიას.
„მივმართავ ყველა ოპერატორს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს ბაზისი, რადგან თუ ოპერატორებმა არ მოითხოვეს დაშვება და კომისიას არ მისცეს ინფორმაცია სად რა ვითარებაა ისე რეგულაცია ვერ აღსრულდება. ამ ინსტრუმენტს სჭირდება გამოყენება, რომელიც კომისიამ შექმნა კონკურენციის გაზრდისთვის.დაახლოებით 8-10 წელია ამ ბაზარს არ შეხებია კომისია, მაგრამ დღეს მიღებულია ეს გადაწყვეტილება, რომელიც მაღალ პროფესიონალურია და ემყარება ევროპულ გამოცდილებას, რომელშიც კომისიის გამოცდილი თანამშრომლების გარდა,ექსპერტები იყვნენ ჩართული. ასე რომ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი მოთხოვნა ამ კუთხით დაკმაყოფილებულია“, – აცხადებს სეთური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები