“როდესაც მარტოხელა და უძლური ხარ, მაშინ დრო უსასრულოდ იწელება” – 80 წლის სულიკო ნიქაბაძე უკიდურეს გაჭირვებაშია 

„ადრე მეგონა, რომ ვერაფერს ვასწრებ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ხოლო როდესაც მარტოხელა და უძლური ხარ, მაშინ დრო უსასრულოდ იწელება. ამას შევეჩვიე უკვე… ვიცი, მუდმივი არაფერია, ამიტომ მინდა, რომ ცხოვრების ბოლო წლები ღირსეული ადამიანივით ვიცხოვრო და არა ქუჩის მაწანწალა ძაღლივით…“, – ეს სიტყვები 80 წლის სულიკო ნიქაბაძეს ეკუთვნის.
როგორც “კვირას” “ჩერნოვეცკის ფონდიდან” აცნობეს, იგი სოფელ ფარცხანაყანებში დაიბადა, წლების განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო, 22 წელი წყალტუბოს სპორტ-სკოლას ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი უშუალო მეცადინეობით აშენდა ქალაქის ცენტრალური სტადიონი, რომელიც ადგილობრივთა და დამსვენებელთა საყვარელი გასართობი ადგილი იყო დიდი ხნის განმავლობაში.
ბატონმა სულიკომ საინტერესო ცხოვრების გზა განვლო, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის, თუმცა  სიბერის ჟამს იგი ყველასაგან დავიწყებული აღმოჩნდა…
რამდენიმე წლის წინ ბატონ სულიკოს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო ნერვიულობის ნიადაგზე მან მხედველობა დაკარგა… ერთადერთი ახლობელი ადამიანი, ვინც მას დარჩა, ეს არის მისი 90 წლის და ვენერა, რომელიც დაავადებულია სკლეროზის მძიმე ფორმით.
მოხუცები ცდილობენ ერთმანეთზე იზრუნონ, მაგრამ ყოველი დღის გათენება მათთვის ნამდვილი განსაცდელია. მათ გადაადგილება უჭირთ, სანახევროდ შიმშილობენ, მათ სანახავად არავინ მოდის, სხედან მთელი დღე გაყინულ ოთახში და წარსულს მისტირიან.
ჩვენ ბატონ სულიკოს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:
გჯერათ თუ არა უცნობი ადამიანების მხრიდან დახმარების ?
– რა თქმა უნდა მჯერა. რომ არა კეთილი ადამიანები, ცოცხალი უკვე აღარ ვიქნებოდი, თუმცა ყოველთვის მერიდება შეწუხება… მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი მე და ჩემს დას არ გვაქვს… ძალიან ბევრია ჩვენსავით სიდუხჭირეში მცხოვრები მოხუცი… ეჰ, როცა ახალგაზრდები ვიყავით, ყველას ვჭირდებოდით, ახლა კი –  სრულიად მივიწყებულები ვართ…
ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?
-იმაზე, რომ მე და ჩემს მეუღლეს შვილები არ გვეყოლა. შვილები – ეს დიდი ძალაა, მაგრამ ღმერთის ნება ასეთი იყო!
რა იყო თქვენი ცხოვრების მთავარი ოცნება?
– სპორტული კარიერა – ეს იყო ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი მუხტი და საკმაო წარმატებებსაც მივაღწიე. კიდევ ვოცნებობდი შვილებზე, მაგრამ ეს აუხდენელ ოცნებად დამრჩა.
დღეს თუ ოცნებობთ რამეზე?
-შიმშილით რომ არ დავიხოცოთ მე და ჩემი და…რომ ვიღაცამ გადმოგვხედოს და ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქოს ცხოვრება.
თქვენს ისტორიას უამრავი ადამიანი წაიკითხავს. გინდათ, რომ მათ მიმართოთ?
-მე ვიცი, რომ საქართველოში უამრავი კეთილი ადამიანია. მინდა მათ მივმართო თხოვნით, რომ ჩვენც გადმოგვხედონ. ყველას ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების მოსწრებას და კეთილდღეობას! გფარავდეთ უფალი!

შემოწირულობა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე – GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სულიკო ნიქაბაძე ) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/189-nikabadze/?fbclid=IwAR0RpC-iNwqHulXNVylrfBsFhOoooEn_nAYPqETZCyQJEBzp7F4RhqTq3m4

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები