ნუკრი გელაშვილი: გაუგებარია თუ რამ განაპირობა საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების აღშფოთება და კრიტიკა მათთვის უცნობ სასწავლო მასალაზე

“გაუგებარია თუ რამ განაპირობა საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების აღშფოთება და კრიტიკა მათთვის უცნობ სასწავლო მასალაზე”,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასკოლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამომავლო პროექტს.
„ამ დროისათვის სასწავლო მასალის სამუშაო ვარიანტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორთათვის და მასზე წინსწრებით ნეგატიური ფონის შექმნა ყველასთვის საზიანო იქნება. თავდაცვის სამინისტრო, ამ ეტაპზე შესაბამის ექსპერტებთან ერთად მუშაობს სასწავლო მასალის ელექტრონულ ვერსიაზე და არა კლასიკური ფორმით დასაბეჭდ სახელმძღვანელოზე“,- განაცხადა გელაშვილმა.
გელაშვილის თქმით, ამ დროისათვის მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელო „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სამუშაო ვერსია არსებობს, რომელიც საბოლოო სახეს მიიღებს უახლოეს მომავალში.
„ავტორთა მხრიდან შემუშავებული სასწავლო მასალის ბოლო ვერსია დაეგზავნება რელევანტურ უწყებებსა და სპეციალისტებს, მათი მხრიდან შენიშვნებისა და წინადადებების მიღების მიზნით. მას შემდეგ კი, რაც სასწავლო მასალა შეჯერდება დაინტერესებულ მხარეებთან, იგი გამოყენებული იქნება სასწავლო დანიშნულებით საპილოტე რეჟიმში მხოლოდ 14 სკოლაში, რაც გულისხმობს მიმდინარე სემესტრის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორებასა თუ წინადადებების ასახვას პარალელურ რეჟიმში. ნიშანდობლივია, რომ პროექტს ჩვენი ჯარი, რომელიც განახორციელა თავდაცვის სამინისტრომ, ესწრებოდა ათასობით მოსწავლე და ამ სასწავლო კურსის დანერგვის ერთ-ერთი ძირითადი მოტივაცია, სწორედ მათი მხრიდან გამოთქმული მაღალი ინტერესი გახდა“,- აღნიშნა ნუკრი გელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები