„არ მინდა, ვითვლიდე დროს“… – პოეტი ქალის სიყვარული, ორი ფინჯანი ყავა და სიკეთე, სახელად „მზის სხივი“…

დაიბად და გაიზარდ კახეთში. ჟურნალისტობა უნდოდა, მაგრამ რადგან ოჯახში ყველა ფინანსისტი და ეკონომისტი იყო, ამან მასზეც მოახდინა გავლენა. ლიტერატურასთან კავშირი კი არასოდეს გაწყვეტია.
2010 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებულიგვირილის ფურცლები, რომლის წინასიტყვაობაში რედაქტორი მიხო მოსულიშვილი წერს: „მოდით, ერთად ვნახოთ, როგორ უყვარს და ენატრება პოეტს სიყვარული.
ლექსების პარალელურად, ბიოგრაფიულ პროზასაც ქმნის. და რაც მთავარია, ამბობს, რომ სიკეთის კეთება ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც  მისი შემოსავლის ნაწილ ქველმოქმედებას ხმარდება… „მინდა,  მზის სხივი შევიტანო ადამიანების გულებში. – ნელი გოგუაძის პერსონა.

 – ჩემი ბავშვობის სახლი… რომელიც უამრავ მოგონებას იტევს, ეზოში შესულს ბავშვობა მეგებება, ღრმად ოხრავს დაბერებული და ჩონჩხადქცეული თუთის ხე. მხიარული და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, მქონდა დიდი ოჯახი: პაპა, ბებო, მშობლები, ძმები. მახსენდება ზამთრის გრძელი და თოვლიანი ღამეები, აგიზგიზებული ბუხარი და ციგით სრიალისაგან დაწითლებული ხელები, ნაძვის ხე, ახალი წლის მოლოდინი, ქარვისფერი და ბარაქიანი შემოდგომა, ღვინის ქვევერები და მარანი… სკოლის მხიარული წლები. სკოლის მეგობრები და ის დღეები, ჩემი დიდი სახლის ჭიშკართან ყველა გაზაფხულზე იასამნის დიდი თაიგულები… მერე ეს ყველაფერი დამთავრდა, წარსულში დარჩა და მოგონებად იქცა.
ჩამოვედი… და შენი მოლოდინიც შემოდგომის ნისლივით გაიფანტა, გაქრა და წარსულს შეერია. ცისფერი თვალებიდან სიმარტოვისა და სიხარულის ნაზავი ორი კურცხალი ცრემლი გადმოვარდა.
ეზოში შემოსულს ბავშვობა შემომეგება სიზმარეთიდან დაბერებულმა და ჩონჩხადქცეულმა თუთის ხემ ღრმად ამოიოხრა…
ჭიშკარმა ჭრიალით მომცა სალამი, ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი სიხარულისაგან უფრო გაწითლდა და ცეკვა დაიწყო,
დაკოჟრილმა ხელებმა ბუხრის წინ დამდგარ პატარა მაგიდას ჩემთვის საგანგებოდ გადანახული სუფრა გადააფარა, მაგიდაზე თონეში გამომცხვარი შოთი, ქოთანში შეკაზმული ლობიო, შავი ღვინო, ჩურჩხელა და ლოყაწითელა ვაშლები გაჩნდა, თავდახრილი თვალები თითქოს ბოდიშს მიხდიდნენ: მეტი ვერაფერი დაგახვედრეთო. მარანში სიძველის სუნი იდგა, შენაოჭებულიყო აკიდო.
დუმდა დიდი სახლი, სადაც ორი მოხუცი ერთმანეთს სიცოცხლეს უხანგრძლივებდა ჩემი მოლოდინადქცეული თვალებით.
ჩემი ბავშვობის ჟრიამული თითქოს უძირო ქვევრში ჩამალულიყო… ისევ ისეთი იყო ღამე, ცა, ვარსკვლავები…
მხოლოდ ჩემი ბავშვობის სახლი ავსებულიყო სიცარიელით და ორი მოხუცის თბილი გულით, სევდიანი თვალებით და დანაოჭებული წარსულით.
გული მომეწურა მწიფე მტევანივით და ვინანე დაუბრუნებელი დღეები, მათ გარეშე გატარებული ზამთრის გრძელი და ცივი ღამეები.
ხმა ვერ ამოვიღე და გულში დავიჩურჩულე: გპირდებით, ხშირად ვიქნები თქვენთან“…
ეს ერთ-ერთი ჩანახატია. აი, ასეთი იყო ბოლოს ჩემი ბავშვობის სახლი.
სკოლის პერიოდი
– სკოლის პერიოდი საკმაოდ აქტიური და ბევრის მომცემი იყო ჩემთვის. ხშირად ვმონაწილეობდი კონკურსებში, ვიყავი სკოლის გაზეთის რედაქტორი, ასევე ვიყავი რაიონის გაზეთის „ივრის განთიადის“ კორესპონდენტი, მე თავად სკოლის მოსწავლეს, მყავდა საკურატორო ჯგუფი და მათთან ერთად ვგეგმავდი სხვადასხვა სპორტულ თუ ლიტერატურულ ღონისძიებას.
 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრე, ფინანსისტის სპეციალობით…
– სკოლის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ უცხო ენის არასაკმარისად ცოდნამ გადაწყვეტილება შემაცვლევინა და ეკონომიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, ოჯახმაც დიდი როლი შეასრულა, რადგან ყველა ფინანსისტი და ეკონომისტი იყო ოჯახში. მაგრამ სწავლის პერიოდში ლიტერატურასთან კავშირი არ გამიწყვეტია.
პირველი ლექსები
– მეოთხე კლასში დავწერე პირველი ლექსი დედაზე.
ერთ ლექსსუციფერბლატო საათისაათი ჰქვია. რომელიც შენს ფსევდონიმადაც იქცარატომ უციფერბლატო?
– ჰო, ეს ლექსი განსაკუთრებულად მიყვარს, დრო ყოველთვის ჩემი პრობლემაა, ყოველთვის ვჩქარობ და ხშირად მაგვიანდება… დაბადებაც კი ვიჩქარე და 2 თვით ადრე მოვევლინე სამყაროს… და არ მინდა ვითვლიდე დროს.
2010 წელს გამოვიდა შენი ლექსების კრებულიგვირილის ფურცლები, ალბათ ასოციაციით: „ვუყვარვარ? – არ ვუყვარვარ“… რა იყო შენიქალის და პოეტის სათქმელი?
– ყოველთვის სიყვარულზე ვწერდი, ყოველთვის ვეძებდი და ვკარგავდი, ამ წიგნით პოეტმა ჩემი, როგორც ქალის სათქმელი თქვა.

„ჩემი ცხოვრება
საფეხურებჩატეხილი კიბეა,
ძნელად სავალი
და მოაჯირიც არა აქვს,
რომ ხელი შემაშველოს.
მხრებზე დაწოლილი ტვირთით
ნაბიჯ-ნაბიჯ ვკეცავ –
არ მინდა, უკან მოვიხედო,
წარსულს ვუტოვებ წლებს და
მხრებს ვეძებ
ჩემი დაღლილი სხეულის დასაყრდნობად.
მინდა, მომეფერო
და ჩემი ცხოვრების კიბე
გაამთელო,
რომელსაც მოაჯირიც კი არა აქვს,
რომ ხელი შემაშველოს“.

და ძალიან მიყვარს ჩემი „ელენი – გაუგზავნელი წერილების ქრონიკა“.
 „ვინ იცისრა უფრო იყო მძიმე: უშენობა თუ გაცხადებული ფიქრი. სულის უძირო ზარდახშაში იყრებოდა უშენო ღამეები“… – ამბობ ერთ ლექსში. სიყვარული?..
– სიყვარული? – ალბათ უძილო თეთრი ღამეებია, მოლოდინია, ტკივილი და სიხარულია ერთად გადაჯაჭვული.
სიყვარული უსაზღვრო მონატრებაა.
 უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობთროგორ ახერხებთ წერას და პრაგმატული სამსახურის შეთავსებას?
– ჩემი სააგენტო მაქვს და 12 წელზე მეტია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. არ არის ადვილი, მძიმე, დაღლილი დღის შემდეგ წერო. ბევრჯერ ჩემი ფიქრები მობილურის მესინჯერში შემინახავს, რომ მერე უკეთ გამომეძერწა. წერას ვახერხებ ღამე, როცა ყველას სძინავს, სიჩუმეა და ფიქრი მიადვილდება, მაგრამ ვწერ მხოლოდ მაშინ, როდესაც მტკივა, როდესაც ტყვიასავით მძიმეა დღეები, ალბათ ამიტომაა ბევრი სევდა ჩემს ლექსებში.
ხშირად ეხმარებით სხვებს. შემოსავლის ნაწილი კი ქველმოქმედებისთვის გაქვს გადადებულიფეისბუქზე შექმნილ შენს ერთ-ერთ გვერდს  „მზის სხივი“ ჰქვია…
– ვცდილობ, დავეხმარო იმ ადამიანებს, ვისაც უჭირს როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად. ჩემი შემოსავლის გარკვეულ ნაწილს ვახმარ ქველმოქმედებას და მიხარია, როცა სხვის თვალებში სიხარულს ვხედავ. ამიტომ „მზის სხივი“ დავარქვი ჩემს ერთ-ერთ ფბ გვერდს და ვცდილობ, ეს მზის სხივი შევიტანო ადამიანების გულებში.
პირველად მარტყოფის ბავშვთა სახლში ვიყავი, მეგობრებთან ერთად, მერე იყო წეროვნის დევნილთა დასახლება, საქველმოქმედო ღონისძიებებში მეგობრებიც მეხმარებიან. ვთვლი, რომ სიკეთის კეთება ყველაზე მნიშვნელოვანია.
 ბიოგრაფიულ პროზას წერთ
– კი, ახლა ბიოგრაფიულ პროზას ვწერ. იქ ისეთი ვარ, როგორიც ვარ, არ ვიცი, როგორს მხედავენ სხვები, განსაკუთრებული ბიოგრაფიით, რა თქმა უნდა, არ გამოვირჩევი, მაგრამ მინდა დავწერო იმ ქალზე, რომელიც ჩემშია და რომელიც იმედის მარცვლებით იკვებება, რომელიც ერთდროულად მხიარულიცაა და სევდიანიც, ფიქრიანიც და საქმიანიც, მებრძოლიც და სუსტიც, რომელსაც შეუძლია სიცილი მაშინაც კი, როცა სული ნაღველივით მწარე აქვს.
 ძალიან ქალური და მგრძნობიარე ლექსები და ჩანაწერები გაქვთ – „ნაძვის ხემ კი საჩუქარდახუნძლული ტოტები შეიბერტყა და ჩაიჩურჩულა: ოდესმე შენთანაც მოვა თოვლის ბაბუა და იმ სიყვარულს მოგიტანს, ასე რომ გენატრება და შენს გულში აცოცხლებრას ინატრებდით?

– რას ვინატრებდი? –
არავინ იცის,
თუ როგორ გენატრება
დილით, მაგიდაზე
სურნელოვანი
ორი ფინჯანი ყავა.

 რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ახლა უკვე არაფერს…
  თბილისი
– მე მიყვარს თბილისი, ძველი და ვიწრო ქუჩებით, ძველი თბილისი მიყვარს და იქ გაცოცხლებული ისტორიები. არ მომწონს, როდესაც ადამიანები არ უფრთხილდებიან და აზიანებენ იმ ადგილებს, რომლებიც ჩვენი შვილებისათვის ისტორიის ფურცლებია.
 ოჯახი, შვილები, შვილიშვილები
– ორი ქალიშვილი და ორი საოცარი შვილიშვილი მყავს (მესამეს ველოდები), რომლებიც სიცოცხლეს მიხანგრძლივებენ.
სამომავლო გეგმები..
– ყოველთვის დაუგეგმავი გრაფიკით ვცხოვრობ. მინდა დავამთავრო ის, რასაც ვწერ… მინდა მქონდეს საშუალება, მზის სხივი შევიტანო ადამიანების გულებში. და მინდა ხმამაღლა ვუთხრა ადამიანებს: გიყვარდეთ ერთმანეთი.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები