ზურაბიშვილი მზად არის, მარგველაშვილს შეხვდეს – „სასახლეში მივალ, რომ დღევანდელ პრეზიდენტს შევხვდე“
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაბარების თაობაზე მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართვა დემოკრატიული ნაბიჯია“, – ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მზადაა გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს.
„სრულიად მზად ვარ და ამ პროცესს ხვალიდან დავიწყებთ. მოქმედი პრეზიდენტის მადლობელი ვარ, რომ მზადყოფნა გამოთქვა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაბარება ძალიან დალაგებულად მოხდეს. ეს სწორი გადაწყვეტილება და დემოკრატიული მიდგომაა, რისთვისაც მადლობელი ვარ. სასახლეში მივალ, რომ დღევანდელ პრეზიდენტს შევხვდე. შეხვედრის პრობლემა არ მაქვს, მისი განცხადების მადლიერი ვარ. ერთი შეხვედრა საჭიროა, რომ ეს საკითხები გავიაროთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ როგორც კი გამარჯვებული კანდიდატი პასუხისმგებელ პირს დაასახელებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, საქმის გადაბარებების თაობაზე ითანამშრომლონ.