თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილი წარსულშია ჩარჩენილი, მას ნებისმიერ ფასად აქვს განზრახული ძალაუფლების ხელში ჩაგდება
პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთა. ჩუგოშვილის შეფასებით, ეს იყო წარსულის პოლიტიკოსის გამოსვლა.
„მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას არ ვიცი, რა ვუწოდო. მე მგონი, ეს არის წარსულის პოლიტიკოსის გამოსვლა. ადამიანის, რომელიც წარსულშია ჩარჩენილი, რომელსაც ნებისმიერ ფასად აქვს განზრახული ძალაუფლების ხელში ჩაგდება. თუმცა ძალიან დიდი ხანია, ის წარსულია, ძალიან ჩამორჩა პროცესებს საქართველოში.
ქართული საზოგადოება ბევრად უფრო შორს წავიდა, ბევრად მეტი მოთხოვნები აქვს – სტაბილურობა, განვითარება, სიმშვიდე, ის კი სთავაზობს არეულობას, რევოლუციას, დაუმორჩილებლობას, სახელმწიფოს ჩამოშლას. ამ არჩევნებშიც გამოჩნდა, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის სურვილი. შესაბამისად, ეს არის განწირული ადამიანის გამოსვლა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ საპროტესტო აქციებით მოითხოვონ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ამ ე.წ. არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება. მისივე თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება სჭირდება.