სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და ეს უზრუნველყო ჩვენმა სახელმწიფომ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევანი მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და ეს უზრუნველყო ჩვენმა სახელმწიფომ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, რამეთუ ეს არის დემოკრატია და ძალიან მაღალი აქტივობა, რაც დღეს დაფიქსირდა, ნიშნავს ძალიან მაღალ დემოკრატიას. რა თქმა უნდა, დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რათა საბოლოოდ გამოჩნდეს ქართველი ხალხის პრინციპული არჩევანი. ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩემს გვერდით იდგა, მადლიერი ვარ იმ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა – “ქართული ოცნების”. მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, რომლებმაც კიდევ უფრო განმიმტკიცეს რწმენა იმისა, რომ არასოდეს არ უნდა დავნებდე, არ უნდა შეგეშინდეს, უნდა მოითმინო, მაგრამ არ უნდა დათმო ის, რაც მთავარია, მთავარი პრინციპები, მთავარი მიზანი ცხოვრებაში და ეს მიზანი ჩემი კი არ არის, ეს არის ყველას ერთიანი მიზანი და ამ მიზანს ძალიან მალე მივაღწევთ. ეს არის თანამედროვე, განვითარებული, გაძლიერებული და გაღიმებული საქართველო. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული კვლევების მიხედვით, Gallup-ის ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 42% აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 58%.
აღნიშნული შედეგები 18:00 საათის შედეგად დათვლილია მონაცემებია.
ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მაც გამოაქვეყნა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა 45 % აიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი 55 %. აღნიშნული მონაცემები 17:00 საათის მონაცემებია. კვლევა „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.