ცესკო: 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 56.23% შეადგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 56.23% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში საკუთარი არჩევანი სულ 1 975 845-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმები.
როგორც რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის საარჩევნო ოლქში (72.72%) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი (43.12%) წალკაში.
მისივე განმარტებით, არჩევნების პირველ ტურში აქტივობის მაჩვენებელი დღევანდელზე ნაკლები, კერძოდ, 46,74% იყო, რაც 1 637 956 ამომრჩეველს გულისხმობს.
შეგახსენებთ, დღეს საქართველომ მეხუთე პრეზიდენტი აირჩია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობდნენ.
ზუსტი მონაცემები ცნობილი მალე გახდება, თუმცა ეგზიტპოლების წინასწარი შედეგით, სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძესთან შედარებით დაახლოებით, 10%-ით ლიდერობს.