რუსთავის 26-ე უბანზე დაპირისპირება მოხდა – ამომრჩეველი ექსპერტიზის მისვლას ითხოვს
არსად არ ვყოფილვარ სხვაგან, აქ ვარ ჩაწერილი და სხვაგან როგორ მივცემდი ხმას? – ამის შესახებ რუსთაველმა ამომრჩეველმა, თეონა ბურჯანაძემ “კვირასთან” განაცხადა, მას შემდეგ, რაც 26-ე საარჩევნო უბანზე მისულმა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ვერ შეძლო, რის მიზეზადაც კომისიის წევრებმა ხელზე აღნიშნული მარკირების კვალი დაასახელეს.
ამომრჩეველი სხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემას კატეგორიულად უარყოფს.
“ხმის მიცემას ვაპირებდი, გამიკეთეს მარკირება და აღმოჩნდა, რომ თურმე მქონია უკვე მარკირება გაკეთებული, რა იყო ეს არ ვიცი. არ შემიშვეს შიგნით, რომ მიმეცა ხმა. ველოდები ახლა, დაადასტურონ, რომ არ მაქვს ხმა მიცემული, არ მაქვს მარკირება და იმედია, მერე შემიშვებენ. ჩემი ბავშვის ხელმაც იგივე აჩვენა, რაც ჩემმა ხელმა. ამაზე არაფერი არ უთქვამთ. არსად არ ვყოფილვარ სხვაგან, აქ ვარ ჩაწერილი და სხვაგან როგორ მივცემდი ხმას?”,- აღნიშნა თეონა ბურჯანაძემ.
26-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრის თქმით, საოლქო კომისიის წვრების მისვლის შემდეგ გადაწყდება, აქვს თუ არა თეონა ბურჯანაძეს გავლილი ხმის მიცემის პროცედურა.
“არის მარკირების სითხესთან მსგავსება და ამის გამო მოხდა ეს ამბავი. საოლქოს ველოდებით, მოვლენ და მათთან ერთად გადავწყვეტთ, შევუშვებთ თუ არა ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა კომისიის წევრმა.