გურჯაანში, ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები უბნებზე არჩევნების ჩაშლას ცდილობენ
„ნაციონალური მოძრაობა“ გურჯაანში პროვოკაციების მოწყობით ცდილობს, უბნებზე არჩევნები ჩაშალოს და საარჩევნო უბნები დაიხუროს“, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გურჯაანის შტაბში აცხადებენ.
აღნიშნული ინფორმაციისგან განსხვავებით, გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საარჩევნო პროცესების მასობრივ დარღვევებზე საუბრობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, სოფლების – ჭანდარისა და ვეჯინის საარჩევნო უბნებიდან პარტიის დამკვირვებლები უსაფუძვლო მიზეზებით გამოაძევეს.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტში დარღვევები ფიქსირდება. მაგალითად, ჩვენი დამკვირვებლები ვეჯინისა და ჭანდარის საარჩევნო უბნებიდან გამოაძევეს, ვითომდა ხელის შეშლის გამო. მიდის ამომრჩეველთა დატერორება, კარებში დგანან სიებით, ამომრჩევლებს უმოწმებენ პირადობის მოწმობებს“,- აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გურჯაანის საარჩევნო შტაბში პასუხობენ.
„ჩვეულ სტილში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მომართულნი არიან პროვოკაციისკენ და ეს ყველაფერი უბნების ჩაშლასა და დახურვას ემსახურება. სწორედ ამას მოჰყვა მათი პარტიის წარმომადგენლების გაძევება უბნებიდან, ვგულისხმობ ვეჯინსა და ჭანდარს“, – განაცხადა შტაბის წარმომადგენელმა, კოტე ბერიძიშვილმა.