„მომავალი სასწავლო წლიდან ქართულ სკოლაში იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ დაბრუნდება“…

„განათლების სამინისტრო აპირებს, უახლოეს ხანებში შექმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ მოამზადებს თანამედროვე სკოლისათვის… ფაქტობრივად, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების მრავალწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო“, – „დედაენის“ სკოლაში სწავლებასთან დაკავშირებით ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარე გიორგი გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მანამდე მას არაერთი კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა იმის თაობაზე, რომ იაკობ გოგებაშვილი და მისი „დედა ენა“ 2018 წელს სკოლის მიღმა აღმოჩნდა.
გიორგი გოგოლაშვილის სტატუსს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„საინფორმაციო სააგენტოებსა და სოციალურ ქსელში გავრცელდა იმედისმომცემი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ქართულ სკოლაში იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ დაბრუნდება. ფაქტობრივად, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების მრავალწლიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო; საქმე კეთილ დასასრულს მიუახლოვდა… აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ საქმეში დიდია წვლილი, ერთი მხრივ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბ-ნი მიხეილ ბატიაშვილისა და, მეორე მხრივ, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების, ბ-ნი ზაზა გაბუნიასი და ქ-ნი მარიამ ჯაშისა: განათლების სამინისტრო აპირებს უახლოეს ხანებში შექმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ მოამზადებს თანამედროვე სკოლისათვის; ხოლო ბ-მა ზაზა გაბუნიამ და ქ-ნმა მარიამ ჯაშმა მოამზადეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქართულ სკოლაში იაკობის „დედაენის“ ფუნქციონირება. იმედს გამოვთქვამთ, კარგად დაწყებული დიდი საქმე წარმატებით დასრულდება! უახლოეს ხანებში საბოლოო გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ!“ – წერს გიორგი გოგოლაშვილი.

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის“ პირველად 1876 წელს გამოიცა.
„დედა ენის“ მიხედვით წერა-კითხვა ისწავლება ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდით. 1906 წლიდან „დედა ენა“ 2 წიგნად გამოიცა: პირველში მოთავსებულია წერა-კითხვის შესასწავლი მასალა, მეორეში – საყმაწვილო მხატვრული თხზულებები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები და საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგრაფიული შინაარსის მეცნიერულ-პოპულარული სტატიები.

ავტორის სიცოცხლეში (1912 წლამდე) „დედა ენა“ 33-ჯერ გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები