ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა
დღეიდან ახმეტის რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი “სტარტაპ” იდეები.
გახსნის ცერემონიალს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და პარლამენტის წევრი გელა სამხარაული ესწრებოდნენ.
ინოვაციების ცენტრში პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისისა და სხვადასხვა ბიზნესმიმართულების ტრენინგები სისტემატურად ჩატარდება.
„ახმეტის ინოვაციების ცენტრი იქნება კიდევ ერთი, დამატებითი საშუალება ახალგაზრდებისთვის რომ დაეუფლონ თანამედროვე ცოდნას, ისარგებლონ მაღალტექნოლოგიური დანადგარებით და შექმნან კონკრეტული პროტოტიპები. იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ახალგაზრდები მაქსიმალურად გამოიყენებენ შესაძლებლობას, რომელსაც მათ საქართველოს მთავრობა სთავაზობს და შექმნიან ინოვაციურ “სტარტაპ” კომპანიებს“, – განაცხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.
ცნობისთვის, ინოვაციების ცენტრი უკვე გაიხსნა საქართველოს რამდენიმე ქალაქში.