„საქართველოს მელიორაცია“ იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალასა და სავანეთის 2600 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა ოთარ შამუგიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში, მდინარე მაშავერაზე განთავსებულ სათავე ნაგებობაზე შეიცვლება გამრეცხი გალერეის ფარები თავისივე ამწე მექანიზმებით, დამონტაჟდება ლითონის გისოსები.
რეაბილიტირდება იმირასანის მაგისტრალური არხის 5,5 კილომეტრიანი მონაკვეთი. არსებული გრუნტის არხი მოპირკეთდება ბეტონით.
სამუშაოები 2 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მიწის ტრაპეციული არხი, რომელიც სოფელ ჭაპალას მჭიდროდ დასახლებულ უბანში გადის, შეიცვლება ბეტონის მართკუთხა ფორმის არხით. არხზე ასევე, მოეწყობა წყალაღების კვანძი, წყალაღების კვანძი შემტბორავით, გამანაწილებელი ჭა, საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები.
პროექტის ღირებულება 1 895 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები