ბრიტანეთის ელჩი “ომეგა ჯგუფსა” და მთავრობას შორის მოლაპარაკებებში რაიმე ფორმით მონაწილეობას უარყოფს

ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი “ომეგა ჯგუფსა” და მთავრობას შორის მოლაპარაკებებში რაიმე ფორმით მონაწილეობას უარყოფს. ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი კი ირწმუნება, რომ დიპლომატი ამ პროცესის „საქმის კურსშია“.
ელჩი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს, ვინაიდან საქმეში ბრიტანელი ინვესტორები არიან ჩართულნი.
“ბრიტანეთის საელჩო ამ საქმით დაინტერესებულია, ვინაიდან საქმე ბრიტანელ ინვესტორებს ეხებათ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფინანსთა მინისტრთან. იმედი გამოვთქვით, რომ საქმის წარმოება დროულად და კანონის სრული დაცვით მომხდარიყო. ეს არის საკითხი კომერციულ ორგანიზაციასა და მთავრობას შორის და ჩვენ პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩართული არ ვიყავით. ჩემი პოზიცია მკაფიოა – ჩვენ არანაირ პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩართული არ ვყოფილვართ”, – განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.
“ომეგა ჯგუფსა” და სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება, სწორედ კომპანიის მხრიდან ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას უკავშირდება, თუმცა ამ ფაქტს ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამს. “ომეგა” აცხადებდა, რომ სახელმწიფო მასზე რეკეტს ახორციელებდა და ამის დასტურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ფარული ჩანაწერების სერიის გამოქვეყნება დაიწყო, ხელისუფლება კი ამ ყველაფერს აფასებდა სახელმწიფოს მიმართ 50 მილიონი ლარის ოდენობით ვალის თავიდან აცილების მცდელობად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები