„ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა“

დღეს ავღანეთში, ორ საარჩევნო უბანზე, მაზარი-შარიფისა და ბაგრამის სამხედრო ბაზებზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე ყველა სამხედრომ მიიღო და საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. ასევე, საარჩევნო უბნებიდან გასულია ორი გადასატანი ყუთი და ხმის მიცემის საშუალება იმ სამხედროებსაც მიეცათ, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო არ იმყოფებოდნენ სამხედრო ბაზაზე. „დღეს ავღანეთში, ორ საარჩევნო უბანზე, კონკრეტულად კი მაზარი-შარიფისა და ბაგრამის სამხედრო ბაზებზე გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური.
ამ დროისთვის ყველა სამხედრომ მიიღო უკვე მონაწილეობა არჩევნებში და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროცესმა ჩაიარა მშვიდ გარემოში. თითოეულ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფლად გამოეხატა საკუთარი კონსტიტუციური უფლება.
ამ ეტაპზე არის ასევე გასული საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთი. ავღანეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობენ ჯარისკაცები, რომლებიც არ იმყოფებიან უშუალოდ სამხედრო ბაზაზე. იმისთვის, რომ თითოეულმა მათგანმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, მათთან სპეციალური ჯგუფის წევრებმა მიიტანეს გადასატანი საარჩევნო ყუთი და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ დროისთვის საარჩევნო ყუთი ბრუნდება უკვე სამხედრო ბაზაზე. მას შემდეგ, რაც გადასატანი საარჩევნო ყუთი დაბრუნდება, დასრულდება საარჩევნო პროცესი „ – განაცხადა მიქელაძემ .
მიქელაძის თქმით, ავღანეთის ბიულეტინებს ცესკოს შესაბამისი წარმომადგენლები 28 ნოემბერს 20:00 საათზე დათვლიან, მას შემდეგ რაც საქართველოში ხმის მიცემის პროცესი დასრულდება .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები