“ნაცმოძრაობის” მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის საკითხზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

დღეს დილიდან ჩხოროწყუს პოლიციის მთავარ სამმართველოში იმ პირთა გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლებსაც პურის ფქვილი და ქატო, სავარაუდოდ, მოსყიდვის მიზნით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა წუხელ, გვიან ღამით დაურიგეს.
არსებული ინფორმაციით, ინდმეწარმე ზურაბ გაბისონიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში 80 ტომარა პურის ფქვილი და ქატო ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგა.
გაერთიანებული ოპოზიციის ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, რამაზ გულუას თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი სიცრუის ტირაჟირებაა.
“ეს არის მარაზმი და ყველა წითელი ხაზი გადალახა ოცნებამ, რასაც ჰქვია სიბინძურე. საიდან იცის “ქართული ოცნების” შტაბის უფროსმა, რომ ეს სია არსებობს? ამაზე ინფორმაცია მიაწოდოს და დაუდასტუროს შესაბამის ორგანოებს. ამის შემდეგ, სამართლებრივად გავცემთ ჩვენს პასუხს”, – განაცხადა რამაზ გულუამ
“ქართული ოცნების” ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის უფროსის დავით გოგუას განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია მათ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მიიღეს.
“საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს და გამოძიება დაადგენს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტს, ჰქონდა ადგილი თუ არა, ჩვენ მივიღეთ შეტყობინება და ვიმოქმედეთ შესაბამისად”, -აღნიშნა დავით გოგუამ.
სოფელ ხაბუმეს მოსახლეობა, რომელიც გამოკითხვაზე ამ დრომდე იმყოფება, შესვლამდე მედიასთან აცხადებდა, რომ მათ ზურაბ გაბისონია წლებია სურსათით ამარაგებს, ხოლო თანხას წინასწარ უხდიან და არანაირ მოსყიდვის ფაქტს არ ჰქონდა ადგილი.
ცნობისთვის, ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილებაში წუხელ, გვიან ღამით ინდმეწარმე ზურაბ გაბისონია, მის თანმხლებ, მიკროავტობუსის მძღოლთან ერთად გამოიკითხა.
შეგახსენეთ, რომ ზურაბ გაბისონია “ნაციონალური მოძრაობიდან” საარჩევნო კომისიის წევრია.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ფაქტის გადამოწმება, დადასტურების შემთხვევაში ინფორმაცია გაეგზავნება პროკურატურას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები