არჩევნების წინა დღეს თბილისში აქცია არ გაიმართება
მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ არჩევნების წინა დღეს თბილისში აქციას არ გეგმავს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, არჩევნების დღე აქციონ ერთ დიდ სახალხო მანიფესტაციად და ყველა საარჩევნო უბნებზე გამოცხადდეს.
„მოგახსენებთ, როგორც ამ მოძრაობის ერთი რიგითი წევრი, ჩვენი მოძრაობის 20-დღიანი მოქმედების რეზიუმე არის ის, რომ არჩევნების დღეს ვუწოდეთ საერთო სახალხო მანიფესტაცია და ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების წინა ან სხვა რომელიმე დღეს გამოვიდეთ ქუჩაში, ჩვენ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი თანამოაზრე იყო და გვიერთდებოდა სხვადასხვა ქალაქებში ამ პერიოდის განმავლობაში, მათ მოვუწოდეთ, რომ არჩევნების დღე ვაქციოთ ერთ დიდ სახალხო მანიფესტაციად და ყველანი გამოვცხადდეთ, სადაც შეგვიძლია ცივილური, დემოკრატიული მეთოდებით გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი ჩვენ თვითონ, თავადვე გადავწყვიტოთ რა გვინდა ხვალ და როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება” – განაცხადა შაქარიშვილმა.
შეგახსენებთ, მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ არჩევნების წინა დღეს თბილისში აქციას გეგმავდა.
სოფიო რატიშვილი