რატი იონათამიშვილი: ამორალურია, როდესაც ყოფითი დავის გადატანა ხდება პოლიტიკურ ჭრილში
„ძალიან ამორალურია, როდესაც ყოფითი დავის გადატანა ხდება პოლიტიკურ ჭრილში, ეს არის მიუღებელი, როგორც არ უნდა გვინდოდეს გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები მივიღოთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ბოლო დღეებში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით განუცხადა.
„როგორც იკვეთება და ამაში ისედაც დარწმუნებული ვიყავით, ონის ინციდენტი იყო ყოფითი დავის შედეგი, რაც ცხადია, ძალიან სამწუხაროა. მადლობა მინდა ვუთხრა სამართალდამცველებს, რომ მათ ფაქტობრივად, ცხელ კვალზე გახსნეს აღნიშნული ინციდენტი და დამნაშავე დააკავეს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, ყოველი მომდევნო არჩევნები უფრო მაღალი გამჭვირვალობითა და დემოკრატიულობით იყოს უზრუნველყოფილი.
„როგორი მაღალი სტანდარტითაც არ უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ჩვენი მიზანია, ყოველი მომდევნო არჩევნები უფრო მაღალი გამჭვირვალობითა და დემოკრატიულობით იყოს უზრუნველყოფილი. ეს დინამიკა ხომ სახეზეა”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.