ირმა ინაშვილი: ქვეყნის გაერთიანება თუ გვინდა, ეს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გარეშე არ გამოვა

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ამისათვის დიახ, პირდაპირ უნდა ვესაუბროთ აფხაზებსა და ცხინვალის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა.
მედიის წარმომადგენლებმა მას თანაპარტიელების გიორგი ლომიასა და ადა მარშანიას მოსკოვში ვიზიტის შესახებ დაუსვეს კითხვა.
“უნდა გამოვასწოროთ საქმე, რომელიც თავის დროზე​, სააკაშვილმა დააზიანა, ვგულისხმობ მოწინააღმდეგისთვის ქართული მიწების ჩაბარებას. ქვეყნის გაერთიანება თუ გვინდა, ეს პირდაპირი დიალოგის გარეშე არ გამოვა, სწორედ ამიტომ, ღიად ვსაუბრობთ აფხაზებთან და ოსებთან და გავაგრძელებთ ამ საუბარს არამარტო მოსკოვში, არამედ ბრიუსელსა და სტრასბურგში, ასევე სოხუმშიც. მზად ვარ, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, აფხაზეთში ჩავიდე”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ინფორმაცია პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში ვიზიტზე, ინაშვილი შემდეგნაირად პასუხობს.
„მე არ მაქვს კონტაქტი სალომე ზურაბიშვილთან. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეზი, ამოცანები და ეს არავითარ კავშირში არ არის ზურაბიშვილთან“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ცნობისთვის, ადა მარშანია და გიორგი ლომია მოსკოვში, კრემლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები