ეკა ბესელია: Gallup International-ის კვლევის შედეგები ჩვენს მოლოდინს ემთხვევა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია Gallup International-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შედეგები ემთხვევა მათ მოლოდინს, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში გაიმარჯვებს.
“სოლიდური ორგანიზაციის კვლევაა ის მონაცემები, რაც ახლა გასაჯაროვდა. ემთხვევა იმ მოლოდინს რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში გაიმარჯვებს. მე მჯერა, რომ ჩვენი ამომრჩეველი გონიერ, გააზრებულ და ბრძნულ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ბესელიამ
ეკა ბესელიამ კვლევის შედეგებზე საუბრისას, ასევე განაცხადა, რომ ის 37% რომელიც კვლევის მიხედვით ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია ვის დაუჭერს მხარს, შესაძლოა, ის ადამიანები იყვნენ, ვინც არ საუბრობს საკუთარ პოზიციაზე.
“ბუნებრივია,რომ ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელიც, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს საბოლოო სურათზე და შესაძლოა, უფრო აქ იყოს ის ნაწილი, რომელიც არ ამბობს ჯერჯერობით თავის განწყობას და თავის პოზიციას, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მაინც ეს ციფრები მოლოდინებთან ყველაზე ახლოს არის, რაც ჩვენ ახლა გვაქვს. მზარდია ეს ტენდენცია, განწყობებს ჩვენც ვაკვირდებით და ძალიან მალე 28-ში ცხადი გახდება ყველასთვის, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი იქნება ის, რაც ყველას ძალიან სჭირდება “, – განაცხადა ბესელიამ
Gallup International-ს წინასაარჩევნო კვლევა ტელეკომპანია “იმედმა” დაუკვეთა. მოქალაქეებს დაუსვევს კითხვა “საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?”- კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 52% მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერდა, ხოლო 48% გრიგოლ ვაშაძეს.