„თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერები: საკუთარ თავზე ვიწვნიეთ “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მთელი სიმძიმე

კომპანია „თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერები: პანტიკო თორდია; ნოდარ ბერიძე და კახაბერ ჟღენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ მათ საკუთარ თავზე იწვნიეს “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მთელი სიმძიმე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2010 წელს ყოფილმა ხელისუფლებამ იძულების, მუქარისა და ზეწოლის გზით 26 აქციონერს წაართვა ქარხანა, რომელიც საქართველოში იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი წარმატებული საწარმო იყო.
“ჩვენ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მთელი სიმძიმე, რამაც შელახა ჩვენი, როგორც აქციონერთა უფლებები, გაგვიჩინა წარმოუდგენელი უსამართლობისა და დაუცველობის განცდა და მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყნის ინდუსტრიული პოტენციალი და საინვესტიციო იმიჯი. 2010 წელს სააკაშვილის რეჟიმმა იძულების, მუქარისა და ზეწოლის გზით 26 აქციონერს წაგვართვა ქარხანა, რომელიც საქართველოში იმ პერიოდისათვის ერთ-ერთი წარმატებული საწარმო იყო, რაზეც მეტყველებს ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები, საბიუჯეტო შენატანები, დასაქმების და ექსპორტის მაჩვენებლები.
რეჟიმის ცვლილების შემდეგ ამ საკითხზე ჩვენ უკვე ექვსი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ სასამართლო დავას, თუმცა ჯერჯერობით რეალური ხელშესახები შედეგები არ დამდგარა.
ამის მიუხედავად, ამ მომენტში, როდესაც შესაძლოა ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარება შეიქმნას, მიგვაჩნია, რომ ჩვენი სამართლიანი კერძო ინტერესები ემთხვევა ქვეყნის საერთო ინტერესებს და მდგომარეობას, დაწყებული ბრძოლის გაგრძელებაში მომავლისთვის და არა წარსულში დაბრუნებაში. თუკი ზოგადად გვინდა სამომავლოდ ინდუსტრიისა და მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარება და ამასთან ერთად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება, მიგვაჩნია, რომ ყოვლად დაუშვებელია ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება მმართველობაში.
ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებულნი ჩვენს სიმართლეში და, რა თქმა უნდა, ჩვენი უფლებებისთვის განვაგრძობთ ბრძოლას, თუმცა მივიჩნევთ, რომ ამისათვის აუცილებელია არ მოხდეს ძველი რეჟიმის აღდგენა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები