იური მეჩითოვი ბოდიშს იხდის – ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არაა სახარბიელო (ვიდეო)

ფოტოგრაფი იური მეჩითოვი საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმ განცხადების გამო, რომ თითქოს 9 აპრილს რუსებს არავინ მოუკლავთ და ხალხი უჰაერობის შედეგად დაიხრჩო. ამის შესახებ მან თავის ვიდეო მიმართვაში ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი ტკივილი თანამემამულეებისთვის არ უნდა მიეყენებინა.
მისივე თქმით, ის თავს არ იმართლებს და აცნობიერებს იმას, რომ ახლობელს, თანამოქალაქეს და “ჯიგარს” არ უნდა აწყენინო.
“მინდა მოგმართოთ და განვაცხადო, რომ საშინლად გული მტკივა, იმის გამო, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს თანამემამულეებს ამ განცხადებებით. ეს გამიზნული არ ყოფილა, მაგრამ ჩემს თავს არ ვამართლებ, რადგან ეს ტკივილი რეალურია.
სამწუხაროდ, იმ 30-წუთიანი ჩანაწერიდან მხოლოდ 3 წუთი იხილა საზოგადოებამ, სადაც ყველაფერი ცუდად გამომჟღავნდა. ცუდად წარმოჩინდა ჩემი დამოკიდებულება ამ ტრაგედიის მიმართ. თუმცა, რეალურად, იქ იყო უამრავი წუხილი ამის მიმართ.
ასეც ხდება, რომ ბევრ რამეს იყენებენ პოლიტიკური მიზნით, ვიცით, რა დროშიც ვცხოვრობთ. მე გულწრფელი ადამიანი ვარ, მე როცა მტკივა – მტკივა. გული მტკივა, რომ ეს ტკივილი მივაყენე ადამიანებს, მათ შორის ჩემს მეგობრებსაც, რომლებიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ასეთ რამეს ვიტყოდი. ეს ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ შეანელებს ამ სამართლიან რისხვას, კარგი იქნება.
შენს თანამემამულეს, ახლობელს და “ჯიგარს” არ უნდა აწყენინო. ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არ არის სახარბიელო. იმედი მაქვს, რომ გაიგებენ ჩემს მდგომარეობას და როგორც ჩვევია ქართველ ხალხს, სხვანაირად შეხედავენ ამ ამბავს. მთავარია ისე მოვიქცეთ, რომ ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომლითაც ვიამაყებთ და ვიცხოვრებთ ერთად და ბედნიერად”, – აცხადებს იური მეჩითოვი ვიდეომიმართვაში.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ალ ჯაზირას“ ეთერში, 9 აპრილის შესახებ ფილმი სახელწოდებით The Soviet Scar გავიდა. რის შემდეგაც ცნობილი ფოტოგრაფის, იური მეჩითოვის კომენტარმა სკანდალი გამოიწვია. სიუჟეტში მეჩითოვი ამბობს, რომ 9 აპრილს არავინ მოუკლავთ, რომ ხალხი უჰაერობის შედეგად დაიხრჩო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები