“იმედი მაქვს შევძლებთ, „ნაცმოძრაობის” მიერ წაგებული საქმისათვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ გარემოებად გამოვიყენოთ”

“იმედი მაქვს შევძლებთ, „ნაცმოძრაობის” მიერ ჰააგაში 2011 წელს წაგებული საქმისათვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ გარემოებად გამოვიყენოთ”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივევ თქმით, ის ეცდება რომ 2011 წელს წაგებული დავა შეატრიალოს და სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოიყენოს როგორც ახალი გარემოება.
„ჰააგის სასამართლო, სადაც საქმის შებრუნებაზე დღეს ბევრს ლაპარაკობენ, ეს არის გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო. ამ სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის 1 აპრილს ეს დავა წააგო. ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო, გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამ სასამართლოში, სადაც სახელმწიფოები დავობენ, პირველი სასამართლოსგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის შეტანილი სარჩელი იქნა უარყოფილი. ეს იყო საქართველოსთვის სამწუხარო მარცხი.
ჩვენი მთავრობა საქართველოს სახელით ჩიოდა, რომ 90-იანი წლებიდან რუსეთი აწარმოებს ჩვენს ტერიტორიაზე იმგვარ ქმედებებს, რომელიც შიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის დებულებების დარღვევა. ჩვენ, ყველა დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი ამას აკეთებს. ოღონდ იმდენად არაკომპეტენტურად და შეიძლება, ნაჩქარევადაც იყო შედგენილი სარჩელი, რომ რუსეთმა საქართველოს საქმე მოუგო. ეს საბოლოო გადაწყვეტილება იყო. 2011 წლის პირველ აპრილს, მე არ გახლდით ხელისუფლებაში მაშინ, მათ ეს დავა წააგეს.
როდესაც მე მივალ პარლამენტში, იქით მექნება კითხვები, როგორ მოხდა ეს. მაშინდელმა იუსტიციის სამინისტრომ ამ დავის წარმოებაში ასტრონომიული თანხები დახარჯა და მჭირდება პასუხი კითხვაზე, როგორ მოხდა ეს.
როგორ უნდა შებრუნდეს ეს საქმე? ჩვენ გვაქვს ასეთი სტრატეგია, რომ სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე აგვისტოს ომის დავაზე, რომელზედაც გადაწყვეტილება, მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს სასარგებლო იქნება, მაგრამ მინდა ყველას ესმოდეს, რომ რუსეთთან ბრძოლა არ არის მარტივი, მას ბევრ რამეზე მიუწვდება ხელი, მათ შორის არაკანონიერი რესურსიც გააჩნია და წესების დარღვევით ბრძოლაც შეუძლია. სტრასბურგში როდესაც ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, შემდეგ გვაქვს რამდენიმე სცენარი განხილვაში, რომ ეს, 2011 წელს სამარცხვინოდ წაგებული დავა მართლაც, როგორმე შევატრიალოთ და სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოვიყენოთ, როგორც ახალი გარემოება. რადგან ის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ჰააგიდან დაბრუნდა, არის საბოლოო და ამის ერთადერთი შებრუნების მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზე მე უნდა ვცადო მაინც, რომ საქმე შევატრიალო.
დღეს ხშირად ისმის – არ ავირჩევთ ჩვენ მოღალატე პრეზიდენტს – მე ვეთანხმები ,,ნაციონალურ მოძრაობას”, რომ ჩვენ არ ავირჩევთ მოღალატე პრეზიდენტს, ოღონდ ეს მოღალატე პრეზიდენტი და ძალა ჩვენთვის არის საბჭოთა დიპლომატი, ბატონი ვაშაძე და ეს 2011 წლის ჰააგის გადაწყვეტილება, რომლითაც მათ წააგეს დავა. ეს უფრო არის მოღალატეობრივი და კითხვები არის გასაცემი. მილიონობით დოლარი რომ დაიხარჯა ამის ადვოკატირებაში, რატომ დადგა ეს მარცხი. დღეს ეს ჩემი ტვირთია, რომ საქმე შევაბრუნო, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან დიდი მუშაობა და ამისთვის ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები