ირაკლი პეტრიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს უცხადებს (ვიდეო)

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს უცხადებს.
თავის მიმართვაში პეტრიაშვილი იგივეს მოუწოდებს პროფკავშირულ ორგანიზაციებსაც, რომლებსაც სამშაბათს 17:00 საათზე პროფკავშირების კულტურის სახლში ეპატიჟება და პოზიციის ღიად დაგიქსირებისაკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არ წარმოუდგენია ის დღის წესრიგი რა გამოწვევებიც აქვს მოქალაქეებს და პროფკავშირებს.
მიუხედავად ამისა, პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ნეიტრალური პოზციის დაკავების ფუფუნება აღარ დარჩა და არსებული მდგომარეობით სასწორზე დევს ის, თუ რა გაუკეთებია ერთ პოლიტიკურ ჯგუფს და რა გაუკეთებია მეორე პოლიტიკურ ჯგუფს.
პეტრიაშვილი ჩანაწერში ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ იდევნებოდნენ პროფკავშირული გაერთიანებები წინა ხელისუფლების პერიოდში, აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ბევრი პრობლემის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ პირობებში არსებობს შანსი სოციალური დიალოგის.
„ბუნებრივია არანაირად არ გვაქვს სურვილი, დავბრუნდეთ იმ ნეოლიბერტარიანულ გარემოში, რომელიც ბოლშევიკური ინგრედიენტებით იყო გაჯერებული და პროფკავშრულად დევნილთა რაოდენობამ გადააჭრბა პოლიტიკურად დევნილთა რაოდენობას. არანაირი სურვილი არ გვაქვს, კვლავ დღის წესრიგში დადგეს შრომის ინსპექციის გაუქმება და შრომის კოდექსის შუასაუკუნეობრივი ნორმები. არ დაგვავიწყდება , როგორ იდო ექიმების სიები ჯანდაცვის სამინისტროში და როგორ იბარებდნენ ანგარიშს, რომელ საავადმყოფოში იყო გაუქმებული პრპფკავშირები. არასოდეს დაგვავიწყდება, რა დაგვემართა ქუთაისში „ჰერკულესთან“ დაკავშირებით, როდესაც ერთი გაფიცვის გამო პროფკავშრული აქტივი დააპატიმრეს, თქვენი მონა მორჩილი კი უცხოელებთან იმალებოდა იმიტომ, რომ მისი დაპატიმრების სანქციაც იყო გაცემული. ბუნებრივია ჩვენს მეხსიერებაას ახსოვს, 2010 წლის 14 ივლისს როგორ გამოიყვანეს შვებულებებიდან ხალხი საცვლების ამარა და როგორ დააწერინეს განხადებები პროფკავშირების დატოვებაზე“, – ამბობს მიმართვაში ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც 2020 წლის საპარლმენტო არჩევნებზე პოლიტიკაში მოსვლას აანონსებს.
„ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე. 2020 წელი იძლევა საშუალებას, რომ სწორედ პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე და პატრიოტიზმზე დაფუძნებული პლატფორმით იმართებოდეს პოლიტიკური დებატები“, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.
მიმართვის დასასრულს ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების წევრებს პოზიციის ღიად დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
„ყველა შემთხვევაში საზოგადოების წინაშე ან წარვსდგებით ერთად და მხარს დავუჭერთ „ქართული ოცნების“ არჩევანს იმისთვის, რომ მოგვეცეს საშუალება მოვიდეთ პოლიტიკურ სივრცეში აბსოლუტურად განსხვევებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული დღის წესრიგით ან არადა ამ ბრძოლას გავაგრძელებ მოქალაქეებთან და არა პროფკავშირებთან ერთად“, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები