მამუკა არეშიძე: მე არ ვიცი, ლაფანყურის სპეცოპერაციისას რა პოზიცია ჰქონდა მალხაზ მაჩალიკაშვილს

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, პოსტში ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მსოფლიო დონის პოლიტიკოსს უწოდებს.
„მოგესალმებით საზოგადოებას. მე მეამაყება ჩემი ჩეჩნეთი.მეამაყება ჩემი სამშობლო საქართველო. ვაინახი ერი მეამაყება და ქართველი ერი იმიტომ, რომ მე ორივე ერს მივეკუთვნები. ოლიგარქ ბიძინაზე მირჩევნია მსოფლიო დონის პოლიტიკოსი სააკაშვილი (თუ გაინტერესებთ). მე არც “ნაციონალი” ვარ და არც სამარცხვინო – ქოცი. რაც შეეხება 95 რეგიონის, ჩეჩნეთის „გამასხარავება“ არ გეპატიებათ უნამუსო ნაძირალებს, რომლებსაც კაცობა არ გაგაჩნიათ. მიდით, იყბედეთ რამდენიც გინდათ და როგორც გჩვევიათ ნომერ პირველი ტერორისტად გამოგვაცხადეთ თქვენ სინდის-ნამუს გაყიდულებო თქვენ სხვა არაფერი მაინც არ გეხერხებათ ცილისწამების და ბავშვების სისხლის დაღვრის გარდა“ , – წერდა მაჩალიკაშვილი პოსტში,რომელიც მან მოგვიანებით წაშალა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის მხრიდან სააკაშვილის მიმართ ღიად გამოხატულ სიმპათიას გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა, მოქალაქეები მას ლაფანყურის მოვლენებს და სპეცოპერაციისას დახოცილ ახალგაზრდებს ახსენებენ.
როგორც ვნახეთ, ამავე პოსტში მალხაზ მაჩალიკაშვილი იმასაც წერდა, რომ “არც “ნაციონალია” და არც “სამარცხვინო ქოცი”, თუმცა ბოლო პერიოდში ექსპერტებისა და რიგი პოლიტიკოსების მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმის შეფასებები, რომ რუსთაველის გამზირზე მოვლენები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სცენარით ვითარდება.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე თვლის, რომ არა “ნაციონალური მოძრაობისა” და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ძლიერი მხარდაჭერა, მართლაც პროტესტის ფორმა ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა.
როგორც არეშიძემ “კვირასთან” საუბარში განაცხადა, ამაზე მოწმობს ის რიტორიკა რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებებიდან ისმის. რაც შეეხება ლაფანყურის მოვლენებს, არეშიძე აცხადებს, რომ მან არ იცის რა პოზიცია ეკავა მაშინ მაჩალიკაშვილს აღნიშნულ საკითხზე და ჰქონდა თუ არა მაშინდელი ხელისუფლების მიმართ პროტესტი, თუმცა არეშიძე ამბობს, რომ ხეობაში პროტესტი არსებობდა.

“ლაფანყურის მოვლენების დროს, ხეობაში პროტესტი ნამდვილად იყო, მაგრამ ამ პროტესტის სიჩუმე, თუ შეიძლება ეს ტერმინი ვიხმაროთ, განპირობებული იყო იმით, რომ მაშინ იყო სააკაშვილის რეჟიმი, რომლის დროსაც პროტესტი არავის არ გასდიოდა, თუ ეს განსაკუთრებულად მასობრივი არ იყო. ასეთი მასობრივი პროტესტები როგორ მთავრდებოდა კი გვახსოვს – ტელევიზიებში შევარდნებით და ქუჩებში ხალხის დაწიოკებებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, პროტესტის მუხტი არსებობდა, თუმცა ვერ ბედავდნენ. მე არ ვიცი, მაშინ რა პოზიცია ჰქონდა მალხაზ მაჩალიკაშვილს, თუმცა რაც შეეხება მის ამჟამინდელ პროტესტს, საქმე ეხება მის შვილს, მაშინ სხვა მოვლენები იყო. რაც შეეხება დღევანდელ მოვლენებს, ვფიქრობ მისი პროტესტის ფორმაც არ იქნებოდა ასეთი მასშტაბური, რომ არა კულუარული, უძლიერესი მხარდაჭერა, რომელიც მას აქვს “ნაციონალური მოძრაობის” და არასამთავრობოების მხრიდან. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს. ნახეთ როგორ იცვლება მისი რიტორიკა”, -განაცხადა მამუკა არეშიძემ.

საქართველო–დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში, საქართველოს შს სამინისტრომ ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო. როგორც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, სპეცოპერაციის მიზანი იმ ბანდფორმირების ლიკვიდაცია იყო, რომელსაც მათი მტკიცებით სამოქალაქო პირები ჰყავდა აყვანილი. მათივე განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად 12 ბოევიკი და სპეცრაზმის 3 თანამშრომელი დაიღუპა.

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა ცხედრებს არ აძლევდნენ. როგორც გარდაცვლილთა ახლობლები აცხადებდნენ, მათ იმჟამინდელმა მაღალჩინოსნებმა უთხრეს, რომ მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის ცხედრების გადაცემას, თუ გარდაცვლილებს იმავე ღამეს დაკრძალავდნენ. დაკრძალვა ტრადიციული რიტუალის გარეშე უნდა მომხდარიყო და ოჯახის წევრებთან სამძიმარზე ხალხი არ უნდა მისულიყო. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები იძულებული შეიქნენ, დათანხმებულიყვნენ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების ამ მოთხოვნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები