პროკურორებმა და გამომძიებლებმა გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე ტრენინგი გაიარეს

გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. კურსი ორიენტირებული იყო როგორც საერთაშორისო სტანდარტებისა და სამართლებრივი თემატიკის გაცნობაზე, ასევე პრაქტიკული გამოცდილების, კაზუსების განხილვასა და სწორი დამოკიდებულების ფორმირებაზე.
ორდღიანი ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და ძალადობა, გენდერით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევაში მოტივის იდენტიფიცირება, ფემიციდის საკითხები, არსებული სტერეოტიპები, ტრანსფობიური ძალადობა და დისკრიმინაცია, ძალადობის მსხვერპლთან მუშაობის ეთიკა და თავისებურებანი. ტრენინგს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) წარმომადგენელი ეკატერინე აღდგომელაშვილი უძღვებოდნენ. სწავლება ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ პრაქტიკულ საქმიანობაში წარმოქმნილ გამოწვევებზე.
ტრენინგი პროექტის ,,პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებებით პროკურორთა და გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები