ლევან კობერიძე: გიორგი ვაშაძის განცხადება ამორალურია, ჩვენი ხელისუფლებისთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის საყოველთაო ჯანდაცვაზე საუბრობს და ამბობს, რომ პროგრამა მომაკვდავ ადამიანებს მკურნალობს, ამორალურს უწოდებს.
“ჩვენ გვაქვს პოზიტიური ტენდენცია სწორედ პრევენციის მიმართულებით, ამ ფონზე ვაშაძის განცხადება არის ამორალური. პრევენციის ძირითადი კომპონენტები შედგება სხვადასხვა მდგენელისგან. პირველი, ეს არის ვაქცინაციის ხაზი. დღეისათვის, სწორედ ჯანდაცვის პოლიტიკიდან გამომდინარე, ბიუჯეტშიც, რომელიც განიხილება, 20 მილიონამდე არის გაზრდილი ვაქცინაციის პროგრამების დაფინანსება. ეს მიმდინარეობს ზუსტად ევროპული ვაქცინაციის პროგრამების კალენდრის მიხედვით, ეს თანხა არის მნიშვნელოვნად, რამდენჯერმე გაზრდილი და აბსოლუტურად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. მეორე კომპონენტი, ეს არის ადრეული სკრინინგის პროგრამა, მათ შორის სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში და ბიუჯეტში 2 მილიონ ლარზე მეტია დათვლილი ამასთან დაკავშირებით. ხოლო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას რაც შეეხება, საზოგადოებამ კარგად იცის, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ეს პროგრამა. მესამე არის მოსახლეობის მხრიდან მისაწვდომობა, მაგალითად ოჯახის ექიმის ინსტიტუტზე, აქაც რაოდენობები მისაწვდომობის თვალსაზრისით არის გაორმაგებული და რა თქმა უნდა, სურვილი იმისა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს მისაწვდომობა, არსებობს. მაგრამ დღეისათვის ის მოცემულობა, რაც ჩვენ გვაქვს, ის პოზიტიური ტენდენცია, რაც არსებობს სწორედ პრევენციის მიმართულებით, ამ ფონზე ვაშაძის განცხადება არის ამორალური“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.
დეპუტატის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის სწორედ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
“ჩვენთვის თითოეული ადამიანის არა თუ სიცოცხლე, არამედ მათი სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია. მათი მიდგომა იყო, როდესაც ადამიანები უსახსრობის გამო ბინებს ყიდდნენ, მათ შორის სიმსივნური დაავადებების გამო, ალომბარდებდნენ და ძალიან ბევრი მათგანი იღუპებოდა კიდეც, რადგანაც ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი მსგავსი ტიპის პროგრამები. დღეისათვის, იმ პირობებში, რისი საშუალებაც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იგი მიმართული იყოს ადამიანზე, მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
ასეთი ტიპის განცხადება არის მახასიათებელი იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, რომ ან ხელისუფლება შეინარჩუნონ, თავის დროზე ასე იქცეოდნენ, ან ხელისუფლებაში მოვიდნენ. ამას ყველაფრის კადრება ჰქვია და ეს ჩემთვის მიუღებელია“, – აღნიშნა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები