ავთანდილ თალაკვაძე სოფელ შრომაში, კულტურის სახლის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სოფელ შრომაში, კულტურის სახლის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
მერმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას.
„ისტორიული შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, 1956 წელს აშენდა. ის საქართველოში კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და წლებია, აღდგენას და განახლებას საჭიროებდა. პროექტის განხორციელებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ქალბატონ თეა წულუკიანს. მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მინისტრს პროექტის განგრძობითი მხარდაჭერისთვის,”- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, სოფელ შრომაში ოზურგეთის მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები, გიორგი ღურჯუმელიძე და ნიკა ბოლქვაძე, ასევე – საკრებულოს წევრები.
ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს უნიკალური შიდა სივრცეების აღდგენა, შენობის გაწმენდა, გამაგრება, რესტავრაცია, სახურავის რეკონსტრუქცია, ასევე, ტერიტორიის კეთილმოწყობა; სრულად შენარჩუნდება და აღდგება ძეგლის ისტორიული იერსახე.
პროექტს, რომლის ბიუჯეტი 2 565 000 ლარია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.