ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბექა დვალი სამუშაო ვიზიტით ეწვია ახალი ზელანდიის ქალაქებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28-30 აპრილს ახალ ზელანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. კანბერაში, ავსტრალია), ბექა დვალი სამუშაო ვიზიტით ეწვია ქალაქებს – დანიდინს და ქრაისჩერჩს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საქართველოს ელჩის პირველი ვიზიტი ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე მდებარე ამ წამყვან ქალაქებში, სადაც ოფიციალური შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს ელჩმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინის მერ ჟიულ რადიჩთან, ასევე, ქალაქ ქრაისჩერჩის მერ ფილ მაუგერთან. საქართველოს ელჩმა მათ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდის ტენდენციების, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ქალაქების დაგეგმარებისა და რეგიონული განვითარების ტენდენციებს, ახალი ზელანდიის ქალაქებთან საქართველოს ქალაქების თანამშრომლობისა და სხვადასხვა სახის კავშირების განვითარების შესაძლებლობებს.
ახალ ზელანდიაში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ დანიდინში, საქართველოს ელჩი საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო ყინულის ჰოკეის მატჩს საქართველოსა და ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა.