თბილისში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ZERO COMPROMISE“ მიმდინარეობს
ადგილობრივ ბაზარზე, ქართული ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში 2-3 მაისს, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ZERO COMPROMISE“ იმართება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ადგილობრივ ბაზარზე, ქართული ღვინო პროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.
ყოველწლიური ფესტივალი „ZERO COMPROMISE“ 2018 წლიდან ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ინიციატივით იმართება. მიმდინარე წელს, ფესტივალში მონაწილეობს ასოციაციის წევრი 84 ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნის 30 მარანი საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან, ტაივანიდან, მექსიკიდან, თურქეთიდან და სლოვენიიდან.
ფესტივალში მონაწილე მევენახე-მეღვინეები ვენახებში სისტემურ პრეპარატებს, მინერალურ სასუქებს და ჰერბიციდებს არ იყენებენ, ღვინოს ყოველგვარი ინდუსტრიული დანამატების გარეშე ამზადებენ. სწორედ ასე დაყენებულ ღვინოს ეწოდება „ბუნებრივი ღვინო“ და ფესტივალიც იმ მწარმოებლებს აერთიანებს, ვინც ღვინოს ტრადიციული წესით აყენებს.
ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები, მწერლები და დარგის სხვა პროფესიონალები არაერთი ქვეყნიდან, რაც საქართველოს მარნების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გააცნონ ღვინოები პოტენციურ მყიდველებს. მიმდინარე წელსაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფესტივალს სტუმრობენ ამერიკელი ღვინის პროფესიონალები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის ექსპერტები.