“ბოშტინარუ არის რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი და მისი შეშფოთება, რომ ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსანი შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, გასაგებია“

„ბოშტინარუ არის რუმინეთის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ერთ-ერთი ძალიან აქტიური მებრძოლი და მისი შეშფოთება, რომ ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსანი შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენთვის გასაგებია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვიქტორ ბოშტინარუ რუსეთის აგრესიული ქმედების წინააღმდეგ ევროპულ სტრუქტურებში, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლია. დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ბოშტინარუ მხარს უჭერს საქართველოს იმისთვის, რომ ის თავისუფალი იყოს რუსეთის გავლენებისგან.
„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო გაჟღერებული ბევრი მიმართულებით, ეკონომიკური, დემოკრატიული რეფორმები. ეს არის აღიარება იმის, რომ საქართველო არის წარმატებული ქვეყანა და გარკვეული ვარსკვლავი რეგიონში იმისთვის, რომ სამაგალითოც კი იყოს ევროპასთან თანამშრომლობის კუთხით სხვა ქვეყნებისთვის.
ეს არის გარკვეული სულისკვეთება ევროპარლამენტის, ევროპული ინსტიტუციების. ევროკომისარმაც გააკეთა შესაბამისი განცხადებები და მე ვფიქრობ ეს ის სულისკვეთებაა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს მიმართ არსებობს და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა.
მოგეხსენებათ, ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ინსტიტუცია და შესაბამისად არის განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ ევროპარლამენტის უმრავლესობა იზიარებს ამ სულისკვეთებას, თუმცა გარკვეულ პოლიტიკურ პირებს აქვთ შენიშვნები და ეს ხშირ შემთხვევაში უკავშირდება მათი პარტნიორებიდან მიღებულ სუბიექტურ ინფორმაციას, რომელიც პოლიტიკური მსჯელობის საგანი ხვდება, რაც ბუნებრივია.
ბუშტინარუ არის რუმინეთის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ერთ-ერთი ძალიან აქტიური მებრძოლი, რომელიც დღეს ევროპარლამენტარია და მისი შეშფოთება, რომ ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსანი შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, გასაგებია ჩვენთვის.
იგი ასევე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლია რუსეთის აგრესიული ქმედების წინააღმდეგ ევროპულ სტრუქტურებში, გახლავთ საქათველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, გამორჩეული ფიგურა, საკმაოდ საინტერესო ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს იმისთვის, რომ ის თავისუფალი იყოს რუსეთის გავლენებისგან“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები