გია ვოლსკი: ყველა გაკეთებული საქმე გაფერმკრთალდება, თუკი არ იქნება უფრო მეტი დახმარება საზოგადოების იმ ფენისადმი, რომელიც განიცდის სიდუხჭირეს
“ყველა გაკეთებული საქმე გაფერმკრთალდება, თუკი არ იქნება უფრო მეტი დახმარება საზოგადოების იმ ფენისადმი, რომელიც განიცდის სიდუხჭირეს”, – ამ სიტყვებით აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი ხელისუფლების მმართველობის 6 წელს.
ამასთან, გია ვოლსკი საზოგადოების იმ საყვედურებს განმარტავს, რომელიც მათ ხელისუფლების მიმართ დაუგროვდათ.
მისივე განმარტებით, სწორედ ამ საყვედურების გამოსასწორებლად დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში.
“რაც შეეხება მთლიანად საყვედურებს, ალბათ, არის სასაყვედურო, რასაკვირველია, მაგრამ იმ ჩამონათვალსაც გადავხედოთ, რაც ამ ბოლო პერიოდში იქნა გაკეთებული, უშველებელი საქმეები. ათეული ათასობით ადამიანია სიკვდილს გადარჩენილი, გინდაც სამედიცინო დახმარებით და გინდაც თანადგომით, რასაც სხვა სოციალური პროგრამები ჰქვია. არ არის საკმარისი, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის ერთი მესამედია, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.
არის ურთულესი მდგომარეობა – საერთაშორისო და საშინაო გამოწვევები… სტაბილურობა შევინარჩუნეთ. ქვეყანას აქვს საგანგებო მნიშვნელობა, როგორც სატრანზიტო დერეფანს და ამასთან დაკავშირებითაც მსოფლიო ყურადღება საქართველოსკენ არის მოპყრობილი. ძალიან დიდი და სწორი ნაბიჯებია გადადგმული საერთაშორისო დონეზე. მაგრამ ყველა გაკეთებული საქმე გაფერმკრთალდება, თუკი არ იქნება უფრო მეტი დახმარება საზოგადოების იმ ფენისადმი, რომელიც განიცდის სიდუხჭირეს. ეს არის მთავარი საკითხები და ამის მიღმა არსებობს ერთადერთი რამ. სამუშაოს, საქმიანობის სწორი ორგანიზება. ამ მიზანს ემსახურება ბიძინა ივანიშვილის მოსვლა პოლიტიკაში”, – აცხადებს გია ვოლსკი.