ირაკლი გედენიძე: დღესაც ვმუშაობ აქციებზე, ამას წინათ ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ – არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია აგრესია

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმის“ განხილვა მიმდინარეობს, პოლიტპატიმარი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე საუბრობს.

ირაკლი გედენიძემ კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვის პასუხად, რომ აქვს თუ არა დღეს მას აგრესია, განაცხადა, რომ არა. მისი თქმით, ის დღესაც მუშაობს აქციებზე და მიუხედავად პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა, ის მაინც ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

„აგრესია არ მაქვს. მე დღესაც ვმუშაობ აქციებზე. ამას წინათ, პოლიციელების კორდონთან ვდგავარ, ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ. მე ხმა არ გავეცი. არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია [აგრესია]. 9 აპრილს ვიღაც ნიღბიანმა, ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც ჩემს შვილზე პატარაა, ხელი მტაცა აპარატზე და მეჯიკავა, რომ არ გადავიღო იქ რაც ხდება. გამჯდარი მაქვს, რომ მე იქ უნდა ვიმუშაო, კადრი უნდა გავაკეთო, რაც ხდება. ვუთხარი ასაკს მაინც ეცი პატივი მეთქი“-განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები