ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%-ს გაუტოლდა

2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო, კერძოდ, მარტის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ – 9% შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებს თუ შევხედავთ, საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,3%-ს გაუტოლდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გეოპოლიტიკური და რეგიონული შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებს. ვახტანგ ცინცაძემ ყურადღება გაამახვილა დარგებზე, რომლებმაც ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, ესენია: ინფორმაციისა და კომუნიკაციის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ტრანსპორტის, დასაწყობებისა და მშენებლობის სექტორები.

„მაკრო ჭრილში თუ შევხედავთ, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. კერძოდ, მარტში ექსპორტი 8,2 %-ით გაიზარდა და ექსპორტის მოცულობამ 565.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,”- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 826 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

„ყოველივე ზემოაღნიშნული გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვარაუდობენ,“ – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს, საშუალოვადიან პერიოდში, 2025-2030 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა – საშუალოდ 5.2%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები