ნუკრი ქანთარია: ვადამდელ არჩევნებზე საუბარი აბსოლუტურად მიზანშეუწონლად მიმაჩნია

ყოველგვარ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მიმაჩნია აბსოლუტურად მიზანშეუწონლად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქანთარია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ პრზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„მათი სურვილია, ღამეც ეს ესიზმრებათ , ალბათ, რომ როგორმე მოახერხონ რაღაცების ჩამოშლა. ახლა ვადამდელ არჩევნებს ამბობს. მათ ჰგონიათ, რომ ვადამდელ არჩევნებში რაღაცა უპირატესობები ექნებათ. არის კონსტიტუციური ვადები და ამ კონსტიტუციურ ვადაში უნდა ჩავეტიოთ. ჩვენ გვაქვს 2 წელი იმისათვის, რომ ეს დარჩენილი დრო მოვახმაროთ იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც გასცა „ქართულმა ოცნებამ“ და მოსახლეობაც ამას ელოდება. ამიტომ, ყოველგვარ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მიმაჩნია აბსოლუტურად მიზანშეუწონლად“- განაცხადა ქანთარიამ.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ განცადება ქუთაისში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
„პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. იშვიათი გამონაკლისების გარდა, არც ერთი ადამიანი, ვინც დღეს პარლამენტშია და მთავრობაშია, არ იმსახურებს იქ ყოფნას. საჭიროა ერთი წარმომადგენელი მაინც იყოს ოპოზიციიდან მინისტრის თანამდებობაზე, რადგან ოპოზიცია არის ხელისუფლების წარმომადგენელი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები