სუბარი – აბდალაძეს: დადასტურებულია ექსპერტიზებით, ნიკა კვინტრაძე იყო ადამიანი, რომელიც გადაიღეთ ცოცხალი, ჰქონდა ხელ-ფეხი შეკრული და შემდეგ ვითომ დენმა დაარტყა და მაღაზიის სახურავზე იყო გარდაცვლილი – თქვენი ეს ფოტო რეჟიმის გასამართლების ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მტკიცებულებაა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ფოტორეპორტიორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ და კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2011 წლის 27 მაისს, მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის შესახებ ისაუბრეს.
როგორც აბდალაძემ აღნიშნა, პატიმრობისას შეიტყო, რომ მის მიერ, 26 მაისის დარბევისას გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოში სწორედ ნიკა კვინტრაძე იყო ასახული, რომელსაც ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული.
“საპყრობილეში შევიტყვე, მითხრეს, რომ ერთ-ერთ სურათში, ჩამწკრივებული რომ მიჰყავთ, “პლენში” რომ აიყვანეს ხალხი და ჩაამწკრივეს, სტალინგრადის კადრების არ იყოს, ერთ-ერთმა ადვოკატმა მითხრა, შენ გადაგიღია ეს ადამიანიო, არ ვიცნობდი, შეხებაც არ მქონდა. ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც მერე სახურავზე აღმოჩნდა.” – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
სოზარ სუბარის თქმით, სწორედ აბდალაძის ობიექტივში მოხვდა ცოცხალი ნიკა კვინტრაძე, რომელიც შემდეგ მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილი იპოვეს. მისივე შეფასებით, ეს ფოტო “ნაცმოძრაობის” რეჟიმის გასამართლებისთვის ერთ-ერთი მტკიცებულებაა.
“დადასტურებულია ექსპერტიზებით, ნიკა კვინტრაძე იყო ადამიანი, რომელიც გადაიღეთ ცოცხალი, ჰქონდა ხელ-ფეხი შეკრული და რომელსაც შემდეგ ვითომ დენმა დაარტყა და მაღაზიის სახურავზე იყო გარდაცვლილი. ასე რომ, თქვენი ეს ფოტო არის რეჟიმის გასამართლების ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მტკიცებულება.” – აღნიშნა სუბარმა.
ცნობისთვის, ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, 2011 წლის 26 მაისს ნიკა კვინტრაძე, პოლიციელებს ჰყავდათ დაკავებული. ბრიტანელი ექსპერტები ამ დასკვნამდე მივიდნენ 26 მაისს გადაღებული ფოტო და ვიდეომასალის, პროზექტურაში მოთავსებული ნიკა კვინტრაძის ცხედრის ფოტოსა და გარდაცვლილის პირადობის მოწმობის სურათის შედარების შემდეგ.