ნუკრი ქანთარია: რევანშიზმის საფრთხე უნდა მოვიცილოთ და მერე, ბუნებრივია, პრეტენზიებს აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ
გარკვეული რევანშიზმის საფრთხე უნდა მოვიცილოთ და მერე, ბუნებრივია, ხელისუფლებამ პრეტენზიებს აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.
„მეორე ტურია ჩასატარებელი, საჭიროა მაქსიმალური კონსოლიდაცია, რომელიც უკვე არსებობს, ჩვენი საზოგადოებისა. იმ ხალხისაც კი, რომელიც ჩვენ გაგვინაწყენდა და საკმაოდ სამართლიანად გაგვინაწყენდა, იმიტომ, რომ მათ იგრძნეს თავი გაუცხოებულად. ისინიც კი, აბსოლუტურად ყველა, ახლა შემობრუნებულია. თუმცა, არავინ ამბობს იმას, რომ რაც ხდებოდა, ის კარგია, ეს გარკვეული რევანშიზმის საფრთხე უნდა მოვიცილოთ და მერე ბუნებრივია, იმ პრეტენზიებს აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ ხელისუფლებამ, ყოველგვარი თვითგვემის გარეშე.
ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს ამ 6 წელიწადში რა მოხდა კარგი. ამ 6 წელიწადში როგორი ტემპით წავიდა ევროინტეგრაციისკენ საქმე, შევინარჩუნეთ, თუ არა მშვიდობა,. გაიხსენეთ, ბოლო ათწლეული, როდის იყო ასეთი მშვიდობიანი. მშვიდობიანი 6 წელი რეგიონში, როცა, ფაქტობრივად, ცეცხლის კერები იყო თითქმის, ყველგან. ასევე, გავიხსენოთ სხვადასხვა სფეროს მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება, გინდა ეს იყოს მედია, გინდა ეს იყოს ბიზნესი. რა ვერ მოხდა, რა თქმა უნდა, ვერ მოხდა იმ დოზით ადამიანების სწორად დაფასება. ბევრს, როგორც ჩანს, მადა გაეხსნა, რაღაცა გარკვეულ რგოლებში ბევრს გაეხსნა მადა, იმიტომ, რომ ის არ მოსულა იდეით და შემთხვევით აღმოჩნდა რაღაც თანამდებობებზე. მათ ჩათვალეს, რომ არაფერი უშრომიათ იმისათვის, რომ იქ მოსულიყვნენ, ოფლი არ დაუღვრიათ. ჩათვალეს, რომ ეს ეკუთვნით და კორუფციის გარკვეული კვალიც ამიტომ შეიმჩნეოდა, მაგრამ ეს არ იყო სისტემური. არავინ არავის თავზე ხელს არ გადაუსვამს. ყველაფერი დადგება თავის დონეზე მაქსიმალურ ვადებში”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
თამუნა შეყილაძე