“მნიშვნელოვანია კონკურსში გამოიხატოს ახალგაზრდების წარმოდგენა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის”
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის ელჩთან ერთად პარლამენტის სტაჟიორებისა და სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი გახსნა, რომელიც ნატო-ს ბუქარესტის სამიტს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას და ქვეყნისთვის მის მნიშვნელობას შეეხება.
„მნიშვნელოვანია, კონკურსში გამოიხატოს თქვენი ხედვა და წარმოდგენა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის”, – მიმართა კონკურსის მონაწილეებს ბულგარეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ.
ბულგარეთის ელჩის, დესისლავა ივანოვას თქმით, კონკურსი ახალგაზრდებს დაეხმარება ჩაერთონ იმ მნიშვნელოვან პროცესში, რასაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია.
„ეს კონკურსი მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ ახალგაზრდა თაობა ქვეყნის ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში, როგორიცაა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია”, – აღნიშნა დესისლავა ივანოვამ.
სტუდენტებს და სტაჟიორებს სიტყვით მიმართეს ასევე, ბულგარეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებმა, ენძელა მაჭავარიანმა და ზაზა ხუციშვილმა. მათ ახალგაზრდებს მოუწოდეს, მაქსიმალურად გამოიყენონ მსგავსი შესაძლებლობები.
ბულგარეთის, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩომ საქართველოში, ესეების კონკურსი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. კონკურსის გამარჯვებული დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდება, რომელიც სასწავლო ტურით ქალაქ სოფიაში გაემგზავრება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ელჩს აქტიური თანამშრომლობისთვის.
„მადლობას ვუხდით ბულგარეთის საელჩოს აქტიური თანამშრომლობისთვის, საინტერესო ინიციატივებისა და პროექტებისთვის”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.