საქართველოს მთავრობამ ყაზახეთს 1992-1993 წლებში აღებული ვალის ნაწილი დაუბრუნა
ყაზახური მედიის ინფორმაციით, საქართველომ ბოლო ორ წელიწადში ყაზახეთის ვალის ნაწილი, 11.5 მილიონი აშშ დოლარი გაისტუმრა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დაახლოებით 26 წლის წინათ ისესხა.
ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ვალის გადახდა დადგენილი გრაფიკით ხდება.
შემდეგი ჩარიცხვა, 1.67 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით 30 დეკემბერსაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში, ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაცია მოხდა.
ვალი შემცირდა და დარჩენილი თანხის გადახდის ვადები დაზუსტდა.
საქართველოს მთავრობას ყაზახეთის ვალი 1992-1993 წლების შემდეგ აქვს. მაშინ თანხა ეროვნულმა ბანკმა ისესხა, თუმცა შემდეგ სახელმწიფო კრედიტად გაფორმდა.
მოლაპარაკება ყაზახეთთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე 2001 წლიდან მიმდინარეობდა და მხოლოდ 2016 წელს დასრულდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 30 სექტემბრის მონაცემებით, ყაზახეთის წინაშე ვალის დარჩენილი მოცულობა 18,685 მილიონი აშშ დოლარია.
აღსანიშნავია, რომ 1992-93 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ფარნაოზ ანანიაშვილი იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი დემურ დვალიშვილი და ნოდარ კაკულია.