სააკაშვილის განცხადებას “ჯღან ტურისტებზე” გოცირიძე უარყოფს (ვიდეო)

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე კატეგორიულად უარყოფს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ განცხადებას, სადაც ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს “გაძვალტყავებული” ტურისტები არ სჭირდება და მდიდარი შეიხები უნდა სტუმრობდნენ.
ამასთან, რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ცდილობს, მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი “ჯღანი” ტურისტების შესახებ შეარბილოს და საკუთარი ინტერპრეტაციით აფასებს.
„მიდგომებს შორის არავითარი განსხვავება არ არის, თუმცა მიმაჩნია, რომ ტურისტებს გულღიად უნდა შევხვდეთ და საქართველოში ისეთი გარემო უნდა იყოს, რომ ჩვენკენ უფრო მეტი ფულის დამხარჯველმა ადამიანებმა გამოიხედონ. ეს არის „ქართული ოცნების“ ზონდერ პიარჯგუფების შეთხზული ლეგენდა, რომელიც შინაარსს ამახინჯებს, სიტყვებს უმატებენ. ჯღანი არ უხმარია, არ უხმარია სიტყვა შეიხიც. ფეისბუქტროლების მიერ დამახინჯებულ ტექსტზე ჩემი პასუხია, რომ საქართველოში ტურიზმი ვითარდება და ნელ-ნელა ქვეყანაში ცოტა უფრო მდიდრებიც ჩამოვლენ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
“ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ მუშები არიან ისინი, ვინც ჩადის, ინდუსები, იმათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი, ჩვენ გვჭირდება, მაგალითად, მდიდარი შეიხები, რომელიც ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც ორასი სხვა, როგორც წესი უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება. ჩვენ გვჭირდება ხარისხი ტურისტის და არა რაოდენობა. ჩამოვიდეს მდიდარი ტურისტი რუსეთიდანაც, უკრაინიდანაც, ჩინეთიდანაც, რა თქმა უნდა, გერმენელები, ინგლისელები, ამერიკელები, ესენი გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება თითოეულ ქართულ ოჯახს, ვინც მუშაობს ტურიზმის სექტორში, მიიღოს შემოსავალი და არა მხოლოდ პრობლემა შეიქმნას იმიტომ, რომ არის უბნები, სადაც ქართულ ხმას ვერ გაიგებ. მე ეს არ მსიამოვნებს, მე მსიამოვნებს რომ ქართველები იყვნენ ამით გამდიდრებული, ქართული ბიზნესები წამოვიდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები