გივი მიქანაძე აგნიეშკა კაზმარსკას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმიდან კოლეგას, აგნიეშკა კაზმარსკას შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რომელიც ივლისში ხელმოწერილი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა.
გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა კვლევითი ცენტრის რეფორმირებაზე, რომელიც პარლამენტში უახლოეს პერიოდში იგეგმება. მან კოლეგას გარკვეული ტრენინგებისა და სემინარების ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების თხოვნით მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. ასევე, გადაწყდა, რომ სამთვიან სტაჟირებაზე ერთი თანამშრომელი პოლონეთის სეიმის კვლევით სამსახურში იქნება მივლინებული.
გივი მიქანაძის ინიციატივით, ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, პოლონეთის სეიმის აპარატის თანამშრომლები საქართველოს პარლამენტს ხუთდღიანი ვიზიტით ეწვევიან.
„ვიზიტის ფარგლებში ისინი გაეცნობიან იმ რეფორმებს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს განსაკუთრებით, ახალი კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიღებისა და ძალაში შესვლის ფონზე.პარლამენტში რეფორმები მიმდინარეობს იმისთვის, რომ აპარატი გაძლიერდეს და ამით ხელი შეეწყოს პარლამენტის ახალი ფუნქციების სრულფასოვან განხორციელებას, უფრო მეტი ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი როგორც საქმიანი კუთხით ასევე, საქართველოს გაცნობის კუთხით”, – განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.
გივი მიქანაძემ შეხვედრაზე კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტების აპარატის უფროსთა ქსელის შესახებ, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით შეიქმნა.
„იმდენად დიდი იყო პოლონელი კოლეგის დაინტერესება, რომ ჩემი მხრიდან გაკეთდა შეთავაზება – პოლონეთმა უფრო აქტიური თანამშრომლობა განახორციელოს აღმოსავლეთ პარტნიორობასთან, მით უფრო რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი სწორედ პოლონეთი იყო ევროკავშირის მხრიდან”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მან აგნიეშკა კაზმარსკას შესთავაზა პოლონეთის სეიმში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეებთან და საპარლამენტო დელეგაციებთან ორდღიანი შეხვედრისას, ასევე გაიმართოს პოლონეთის სეიმის აპარატის ხელმძღვანელობის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატის ხელმძღვანელებთან.
„ინიციატივა მისასალმებელია, აუცილებლად განვიხილავ საკითხს პარლამენტის თავმჯდომარესთან. დიდი ალბათობით მოლოდინი იქნება იმისა, რომ ასეთი ღონისძიება პოლონეთში გაიმართოს”, – განაცხადა აგნიეშკა კაზმარსკამ.
მისი თქმით, შეხვედრისას გაჟღერებული არაერთი ინიციატივა სეიმის მხრიდან ასევე, მხარდაჭერილი იქნება.
„შევთანხმდით, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ და გავაღრმავოთ. ივლისში გაფორმებული შეთანხმების შემდგომ გადადგმული ნაბიჯები და დღევანდელი ვიზიტიც საქართველოში, ხაზს უსვამს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტების აპარატებიც ვაღრმავებთ და ვავითარებთ ურთიერთობას”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მან მადლობა გადაუხადა კოლეგას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პოლონეთის სეიმში ვიზიტისას იქნა გამოხატული.