მამუკა ბახტაძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატო-ს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ნატო-ს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი საქართველოა. მისივე თქმით, მაღალი დონის შეხვედრები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, რომ ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდეს.
„ცალკე მინდა აღვნიშნო იმ ძალიან დიდი წარმატების შესახებ, რაც ბოლო წლებში გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ის ეროვნული უშიშროების მდივნის, ჯონ ბოლტონის ვიზიტსაც. ვფიქრობ, აღნიშნული ვიზიტები და ბოლო დროს გახშირებული მაღალი დონის შეხვედრები კიდევ უფრო დაგვეხმარება, რომ ახალ დონეზე გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები. ბუნებრივია, ამ ურთიერთობებში მთავარი მიმართულება იქნება უსაფრთხოება და თავდაცვა.
წერილში ხაზგასმულია ჩვენი მთავრობის ძალისხმევა საქართველოს შეიარაღებული მზადყოფნისა და მოდერნიზაციის საქმეში, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. მინდა, ჩვენს კოლეგებს თავდაცვის სამინისტროში და პირადად მინისტრს გადავუხადო მადლობა იმ მნიშვნელოვანი პროგრესისა და ფუნდამენტური რეფორმებისთვის, რომელიც ჩვენ შევძელით, გაგვეტარებინა ამ უწყებაში. მატისის წერილი ჩვენთვის მიღწეული წარმატების კიდევ ერთ დასტურია. შესაბამისად მინდა, სწორედ ის სიტყვები გამოვიყენო, რომელიც ამ წერილშია – საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ნატო-ს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.