სოფო ქაცარავა რურუას განცხადებას, რომელიც თითქოს ბოლტონის გაფრთხილებას ეხება, სიცრუედ აფასებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა ნიკა რურუას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. რურუას თქმით, ერთ-ერთი საიტის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა “ქართული ოცნება” გააფრთხილა, რომ ამერიკის მიერ გადმოცემული ჯაველინები რუსებს არაფრის დიდებით არ უნდა მისცენ. ქაცარავას შეფასებით კი, აღნიშნული ინფორმაცია დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია.
“საქართველოში ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, სრული სიცრუეა და არის დეზინფორმაციის მორიგი კლასიკურ მაგალითი!
აშშ-ს და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულია სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ნდობასა და ურთიერთმხარდაჭერაზე. ორი ქვეყანა ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა ერთმანეთთან.
ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო ამ ურთიერთობების გამოვლინება, რომელმაც ჩვენი კავშირები ახალ საფეხურზე გადაიყვანა, განსაკუთრებთ კი თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, რაც ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”,-აღნიშნა სოფო ქაცარავამ.
შეგახსნებთ, ნიკა რურუამ სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ მის მიერ გაზიარებული საიტი გვამცნობს, რომ ჯონ ბოლტონმა “ქართული ოცნება”​ გააფრთხილა, რომ ამერიკის მიერ გადმოცემული ჯაველინები რუსებს არაფრის დიდებით არ უნდა მისცენ “ქართულ ოცნებას”.
“ანუ, თუ ეს სიმართლეა, ამის საფრთხე დაინახეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პრორუსი, მოღალატე ხელისუფლება. აი ისეთი, როგორი საპრეზიდენტო კანდიდატიც შემოგვთავაზეს.
​P.S. თუ ფეიკ ინფოა და ასეთივე საიტია, ესეც გვითხრან. მხოლოდ გაგვიხარდება”, – წერს ნიკა რურუა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები